გურამ მაჭარაშვილი – “ლელოზე”: მათი განცხადება იმის საწინააღმდეგოა, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ
“მათი გუშინდელი განცხადება იყო სწორედ იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი “ლელოს” განცხადებას.
მისივე შეფასებით, აღნიშნული პარტიის განცხადება ანტიევროპულია.
„პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელო“ ბოლო პერიოდში ვერ ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობის“, ომის პარტიის ნაწილია, თვითონ დამოუკიდებლად თამაშობს თუ ვერ თამაშობს და აქედან გამომდინარეობს სწორედ ასეთი აბსურდული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული განცხადება. მათი გუშინდელი განცხადება იყო სწორედ იმის საწინააღმდეგო, რასაც ევროკავშირის ლიდერები მოგვიწოდებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, “ლელომ” განცხადება გუშინ გაავრცელა და “ქართულ ოცნებას’’ მიმართა, ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თუ “ქართული ოცნება” უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, პარტია მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.