ირაკლი ქადაგიშვილი: ტექნიკური მთავრობის საკითხი არაკონსტიტუციურია
“ტექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობის მიხედვით იცვლება ამ მთავრობის სახელებიც – ხან ტექნიკურია, ხან ერთობისაა, ხან დროებითია, ხან გარდამავალია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი არეულობის მიღწევაა.
“ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. რეალურად კი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყანაში რამენაირად მოახდინონ დესტაბილიზაცია და არეულობის მიღწევა. ეს არ ჯდება ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების ჭრილსა და იმ დღის წესრიგში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს ახალი პერსპექტივიდან გამომდინარე. სამოქმედო გეგმა რომ შესრულდება, ამაზე მკაფიო განცხადებები გაკეთდა. სამუშაოს დიდი ნაწილი შესასრულებელია პარლამენტის მიერ, აქედან გამომდინარე, ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ ერთადერთი მოთხოვნა მაინც შეასრულონ, პარლამენტში იმუშაონ ამ საკითხებზე და კონსტრუქციულები იყვნენ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.