თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა დრო დასჭირდება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
მისივე თქმით, ქვეყანამ რეფორმების განხორციელება და წინსვლა უნდა განაგრძოს.
„რთულია განსაზღვრა, რამდენი ხანი დასჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, მთავარი არის, რომ ჩვენ ის რეფორმები განვახორციელოთ, რომლებიც დათქმებში იყო მოწოდებული. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, სადაც მთელი რიგი ვალდებულებებია და ეს ყველაფერი გასაკეთებელია და რა თქმა უნდა, შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია ევროპაზე. დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებდა, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არ მოგვანიჭებს. ამის მიუხედავად, ჩვენ, რა თქმა უნდა, წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, უნდა გავაგრძელოთ იმ რეფორმების განხორციელება და შემდეგ ყველაფერი ჩვენს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ საქართველო ამ სტატუსს იმსახურებდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და იმ ქვეყნებს, ვისაც ეს სტატუსი მისცეს, ძალიან ბევრი მიმართულებით ვუსწრებთ და ამ ქვეყნებზე წინ ვართ“, – განაცხადა კალაძემ.