მიხეილ ყაველაშვილი: „ლელოს“, რომელიც რაღაც 2%-იანი პარტიაა, რა უფლება აქვს, ჩემზე წინ დადგეს? როგორ მესაუბრება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსულ პოლიტიკოსს?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიის განცხადება სამარცხვინოა.
„ამ ყველაფერს უდის შეთქმულების სუნი, რომლის მონაწილეც არის „ლელო“, პირდაპირ შემიძლია, ვთქვა. როცა ასეთ განცხადებას აკეთებ, ე.ი. შენც იმის ნაწილი ხარ, როდესაც გამოდიან და რაღაც ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ. „ლელოს“, რომელიც რაღაც 2%-იანი პარტიაა, რა უფლება აქვს, ჩემზე წინ დადგეს? როგორ მესაუბრება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსულ პოლიტიკოსს? ეს არის სამარცხვინო განცხადება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას შეთქმულების სუნი ასდის, რასაც ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, “ლელომ” განცხადება გუშინ გაავრცელა და “ქართულ ოცნებას’’ მიმართა, ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თუ “ქართული ოცნება” უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, პარტია მიიჩნევს, რომ მათი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.