რაზეც ახლა საუბრობენ, ესაა მიბრუნება, ისევ იმავე წრეზე შესვლა. იგივე სპირალშია ახლა მოხვედრილი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი ნაწილი. სპირალი, რომელსაც ჰქვია ძალაუფლების მიტაცება დემოკრატიის გვერდის ავლით, რაც რა თქმა უნდა, როგორც სხვა დროს ვერ შეძლეს, ვერც ახლა შეძლებენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას გვერდს ვერავინ აუვლის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი.
“ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი დემოკრატიის და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით. სამწუხაროდ, რიგი პოლიტიკური ჯგუფებისა, მათ შორის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციისა დაუბრუნდა 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას. იმავე სახეებს ვხედავთ იმავე მოწოდებებით, ესენი არიან პოლიტიკურ ჯგუფები, თუ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც არ სურთ, „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს. დემოკრატია მუშაობს არჩევნებით და არჩევნებზე ქართველი ხალხი როგორც გადაწყვეტს, ამას უნდა მიჰყვეს ყველა, სწორედ ამას ჰქვია დემოკრატია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიამ გადაწყვიტა, ასე ვთქვათ, გაანაწილა ის პოლიტიკური წონა პარტიებს შორის, როგორც ეს მოისურვა ქართველმა ხალხმა. ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.