ვატო შაქარიშვილი: „ზონდერმედიები ქართულ საზოგადოებაზე ძალადობენ, „ნაცმედია“ გათავხედებულია“
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი ზონდერმედიები ქართულ საზოგადოებაზე წლების განმავლობაში პირდაპირ ძალადობენ, ისინი ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენენ, ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანზე ფიზიკურად ძალადობენ“ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები მოდელირებული რეალობის შექმნას ცდილობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი ზონდერმედიები ქართულ საზოგადოებაზე წლების განმავლობაში პირდაპირ ძალადობენ. ისინი ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენენ, ადამიანებს მუდმივად ცილს სწამებენ, „ფეიკნიუსებს“ იგონებენ, მოდელირებული რეალობის შექმნას ცდილობენ. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როცა ისინი ადამიანზე ფიზიკურად ძალადობენ.
მინდა, გესაუბროთ ერთ ადამიანზე, დავით ველიჯანაშვილზე, რომელსაც „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე, ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავებიან. საქმეში არის ჟურნალისტების ჩვენებები, რომ, თითქოს, მათ ეს ადამიანი თავს დაესხა. ხოლო ცოტა ხნის წინ მედიაში ამ შემთხვევის ამსახველი კადრები გავრცელდა. მინდა, ეს კადრები წარმოგიდგინოთ. აქ ჩანს „ფორმულას“ ოპერატორის მხრიდან ადამიანის პირდაპირ სასიკვდილოდ გამეტება. რეალურად დაზარალებული ველიჯანაშვილი დღეს ბრალდებულის სტატუსით, აღკვეთის ღონისძიებით ციხეში იმყოფება. კადრებში ჩანს, რომ „ფორმულას“ ოპერატორი ველიჯანაშვილს თავს დაესხა, სახის, ყელის არეში დაზიანება მიაყენა. ოპერატორები ბრძანდებით აქ და კარგად იცით, რა ზიანი შეიძლება, მიაყენოს ადამიანს ამ ძალით შტატივის ჩარტყმამ.
ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა აპირებს, ეს ადამიანი პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სამართლებრივი ქმედებებით დაიცვას“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულის მსგავსი, სხვა შემთხვევებიც არსებობს.
„ეს ერთი შემთხვევა არ არის. გათავხედებულია „ნაცმედია“, ზონდერმედია, რომელსაც ყოფილი პროკურორები, ის დამნაშავე ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს არაერთ უმძიმეს დანაშაულში არიან მხილებულები. ისინი დღეს მედიას ამოფარებულები, ფსიქოლოგიურ ტერორს, ადამიანებზე ფიზიკურ ძალადობას კვლავ აგრძელებენ.
მინდა, ირაკლი ხომასურიძის შემთხვევა შეგახსენოთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლო გახლავთ. ამ კაცმა 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან, როდესაც მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა წარმოუდგენელი სისასტიკით მოხდა, თვალი დაკარგა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ამ ადამიანს უმძიმესი ტრავმა მიაყენა და ახლა ამ ადამიანს ოპოზიციიდან ანადგურებენ. ის რეალურად მსხვერპლი თავდასხმისა, რომელიც მოხდა მცირე საყოფაცხოვრებო, პოლიტიკური პოზიციის ნიადაგზე, რასაც ძმები ბერძენიშვილები აფიქსირებენ და მთელ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ.
ამაზე ბერძენიშვილმა ხომასურიძისგან პასუხი მიიღო. შემდეგ ხომასურიძეზე თავდასხმა მოხდა. მას დავით ბერძნეიშვილი ხელით შეეხო, დაემუქრა, რომ მეორე თვალსაც ამოთხრიდა. დღეს ირაკლი ხომასურიძე ასევე პატიმრობაში გახლავთ. მან თავის უფლებების დასაცავად მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.
ასეთივე შემთხვევა გვქონდა ვერშედგარ რევოლუციონერ ვახო სანაიასთან მიმართებაში: მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტის სტატუსი აქვს, მან 3 ახალგაზრდა უდანაშაულო ადამიანი 6 თვით ციხეში გამოაკეტინა. სასამართლოზე მედიის, დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პირდაპირი ზეწოლა განხორციელდა.
ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ. ამ უდიდესი უსამართლობიდან გავათავისუფლოთ როგორც ირაკლი ხომასურიძე, ისე დავით ველიჯანაშვილი“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.