რატი იონათამიშვილი: მოსახლეობა ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პასუხისმგებლიანი პარტია, რომელიც 12 პუნქტის განხორციელებისკენ დგამს ნაბიჯებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განაცხადებით, ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელიც ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის განხორციელებისკენ დგამს ნაბიჯებს.
მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებებს საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს.
„ხშირად, ეს ადამიანები საუბრობენ ზვიად გამსახურდიაზე, მაგრამ სინამდვილეში, მიმბაძველები არიან თენგიზ სიგუასი, იოსელიანის, კიტოვანის და იმ ადამიანების, ვინც თავის დროზე საქართველოს დიდი უბედურება დამართეს. სამწუხაროდ, მაშინ ქვეყანა სუსტი იყო და საფრთხეების თავიდან არიდება ვერ შეძლო, მაგრამ დღეს საქართველო არის ძლიერი, პროგრესული და ვერავინ შეძლებს, რაიმე სახის დისონანსი და არეულობა უზრუნველყოს. რამდენად არის ტექნიკური მთავრობა დემოკრატიული პროცესის გამაძლიერებელი? – სწორება იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა დავიწყოთ, რაც ქვეყანას პერსპექტივიდან კანდიდატობამდე მიიყვანს. მოსახლეობა ხედავს, რომ ჯერ ჯერობით „ქართული ოცნება“ არის ის პასუხისმგებლიანი პარტია, რომელიც 12 პუნქტის განხორციელებისკენ დგამს ნაბიჯებს, რადიკალური ოპოზიცია კი, ხელს უშლის ამ პუნქტების შესრულებას. სინამდვილეში, მათი მიზანია, რამენაირად ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას, რათა შემდეგ მაინც ჰქონდეთ არეულობის შეტანის რესურსი, მაგრამ მათი მხრიდან ეს მცდარი გზაა, რასაც საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.