„პრემიერმა ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა, ოპოზიციამ გაუგებარი, მიუღებელი მოთხოვნებით უპასუხა, მათ მედიატორობას ვთავაზობთ“ – ზაალ კასრელიშვილი

პრემიერმა ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა, ოპოზიციამ ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი, მიუღებელი მოთხოვნებით უპასუხა, ეს გახლავთ ტექნიკური მთავრობის, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილის თქმით, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ გამგეობასთან შეთანხმებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას მედიატორობას სთავაზობს.

როგორც კასრელიშვილმა განაცხადა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია, საქართველომ ევროკომისიის 12 მოთხოვნა შეასრულოს.

„მინდა, ევროპელების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება გითხრათ. გადაწყვეტილებას ვნებათაღელვა მოჰყვა და მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური რაოდენობა აბსოლუტურად გულწრფელად აქციაზე გამოვიდა.

როგორც ყოველთვის, ევროპელებმა ზომიერი და დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღეს. ნურავის ჰგონია, რომ ეს ემოციის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე სერიოზული გზავნილისგან შედგება. ის ამბობს, არ გიღებ, მაგრამ არც ხელს გკრავ, შანსს გაძლევ – გაწერილი ვალდებულებები შეასრულოო. მეორე მხრივ, პოლიტიკური ქვეტექსტი ისაა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის არჩევანი არ უნდა გააკეთო.

ამ გადაწყვეტილებით ევროპამ ხელისუფლებას მისცა შანსი, დიალოგზე წავიდეს, ოპოზიციას მისცა 6-თვიანი ვადა. თუ ამ 6 თვის განმავლობაში ოპოზიციისგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, ეჭვი გვეპარება, რომ შემდგომში დასავლეთმა და ევროპამ ფსონი ისევ ამ ოპოზიციაზე დადოს.
ევროპელებმა რუსეთს სამხრეთიდან ახალი პოლიტიკური ფრონტი არ გაუხსნეს.
ჩვენ, მოსახლეობამ ერთობლივი ძალისხმევით გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. მით უმეტეს, რომ პრემიერმა ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა, ოპოზიციამ ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი, მიუღებელი მოთხოვნებით უპასუხა, ეს გახლავთ ტექნიკური მთავრობის, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა. რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება. ამ ძიძგილაობაში შემოდგომა მოვა. შემოდგომაზე ევროპაში ენერგომატარებლებზე მოთხოვნა 70 %-ით გაიზრდება, რაც რუსეთს პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე ზეწოლისთვის დამატებით ბერკეტებს მისცემს. ეს ევროპელებს იძულებულს გახდის, რაღაცა პოზიციები დაათმობინოს.

ჩვენ ახლა ცანცარის, ერთმანეთისთვის კუნთების თამაშის დრო არ გვაქვს. ოპოზიცია თუ ასე გააგრძელებს, ეს მიტინგები მალე დაეშლება, იმდენად რამდენადაც ამ მიტინგებზე მალე ოდიოზური ფიგურები და ძველი სახეები გამოჩნდებიან, რაც მოლაპარაკებებზე ხელისუფლების სურვილს ჩაშლის.
ჩვენ გვაქვს, მოსისხლეების შერიგების, სამხედრო დაპირისპირების დროს მხარეების დაშორიშორების გამოცდილება. რასაც ახლა ვაცხადებ, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ გამგეობასთანაა შეთანხმებული, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაა.

ხელისუფლებამ ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა, ოპოზიციამ ამას ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნით უპასუხა, ჩვენ გთავაზობთ, შევქმნათ ეროვნული თანხმობის ჯგუფი, გნებავთ ეროვნული თანხმობის საბჭო დავარქვათ. ყველა ძალის თანამონაწილეობით მიზნად ამ 12 პუნქტის შესრულების რეალურობა უნდა დავისახოთ. თუ ეს გამოგვივიდა, შემდეგ დარჩენილ პრობლემებზე ვილაპარაკოთ. გთავაზობთ შუამავლობას, მზად ვართ, ჩვენს თავზე მედიატორის ფუნქცია ავიღოთ. ჩვენი თანდასწრებით და იმ ჯგუფის ორგანიზებით, რომელსაც ერთობლივად შევადგენთ, რა გადაწყვეტილებებსაც ხელისუფლება და ოპოზიცია მიიღებენ, აუცილებლად უნდა შესრულდეს“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები