თენგიზ ფხალაძე: თუ ჩვენ რუსეთმა დღემდე ვერ ჩაგვყლაპა, ეს ევროკავშირის და ნატო-ს დამსახურებაა
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ევროკავშირისა და ნატო-ს არცერთ ქვეყანას არ სურს საქართველოს ომში ჩართვა და თუ ჩვენ რუსეთმა დღემდე ვერ ჩაგვყლაპა, ეს სწორედ ევროკავშირისა და ნატო-ს დამსახურებაა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა.
“ევროპული პერსპექტივა თავისთავად ძალიან კარგია, უამისოდ სტატუსს ვერ მიიღებ და ვერც გაწევრების იმ ფაზაში გადადიხარ, რომელიც სრული ინტეგრაციით უნდა დასრულდეს. ეს ნამდვილად არის ნაბიჯი წინ, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტის, ანუ იმის მიღება შეგვეძლო, რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს – პერსპექტივა კი არა, კანდიდატის სტატუსის მოპოვების რეალური შანსი გვქონდა და თუ ეს ვერ გამოვიყენეთ, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. უკრაინამ და მოლდოვამ იმიტომ მიიღეს, რომ რეფორმებისკენ სწრაფვა და აღმავალი დინამიკა აჩვენეს. კი, მართალია პრემიერი, სტატისტიკური მონაცემებით, ვუსწრებთ უკრაინასაც და მოლდოვასაც, მაგრამ თუ დინამიკას დავაკვირდებით, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოში დინამიკა შეჩერებულია და დაწყებულია უკუსვლა, იგულისხმება მიშელის დოკუმენტის უგულებელყოფა, შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმა, პოლარიზაცია და ა.შ.
გარდა ამისა, გავლანძღეთ ყველა დასავლელი პარტნიორი, რომლებიც მოწადინებული იყვნენ მხარი დაეჭირათ ჩვენთვის. მეგობრებთან ურთიერთობა გავიფუჭეთ და ეს მაშინ, როცა უკრაინისა და მოლდოვას დიპლომატია დღესა და ღამეს აერთიანებდა მუშაობაში. ზელენსკიმ დასავლეთში არ დატოვა ქვეყანა, რომლის ლიდერს პირადად არ ესაუბრა და რომლის პარლამენტშიც სიტყვით არ გამოვიდა. ძალიან აქტიური იყო მაია სანდუც, ის რამდენჯერმე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონიც ჩავიდა კიშინიოვში. ჩვენ ასეთი აქტიური ურთიერთობა ევროკავშირის არც ერთ წამყვან ქვეყანასთან არ გვქონია. ჩვენ შეცდომების კასკადი გვქონდა. დასავლელმა ლიდერებმა მიშელის დოკუმენტის ანულირება ძალიან ცუდად აღიქვეს. ამას დაემატა პარტნიორების ლანძღვა, შიდა დაპირისპირება და შედეგიც შესაბამისია. ერთი უცნაური ნარატივი მომხვდა ყურში – თურმე მაკრონმა თქვა, საქართველოს განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობა აქვსო. ჯერ ერთი, რა შუაშია გეოგრაფია? მაკრონმა გეოპოლიტიკაზე ისაუბრა. საქართველო გეოგრაფიულად რომ არ იყოს ევროპის ნაწილი, ისეთ სამართლებრივ დოკუმენტში, როგორიც ასოცირების ხელშეკრულებაა, ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოდ არ იქნებოდა მოხსენიებული. ევროპულ პერსპექტივას არავინ მისცემდა ქვეყანას, რომელიც გეოგრაფიულად ევროპაში არ არის. თუ 6 თვეში აღებულ ვალდებულებებს არ შევასრულებთ, ჩვენც იმ კლუბის წევრებს შორის აღმოვჩნდებით, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრება არ სურთ. მაკრონმა რაც თქვა, არ იყო კარგი, მაგრამ მის ნათქვამზე გაცილებით მნიშვნელოვანია დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს ენიჭება ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი მიენიჭება როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ეს დოკუმენტი საფრანგეთის თანხმობის გარეშე ვერ შეიქმნებოდა, მით უფრო ახლა, როცა საფრანგეთი ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა.
დარწმუნებული ვარ, მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, ნდობის კრედიტი რომ არ ამოგვეწურა და მიშელის დოკუმენტი თავზე არ გადაგვეხია ევროპელებისთვის. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადის დუბროვსკიმ განაცხადა, რომ მზად არიან მომავალშიც დაუჭირონ მხარი საქართველოში რეფორმების გატარებას და რომ ახლო მომავალში საქართველოს ევროკავშირში ელიან. გარიგების შემთხვევაში გვეტყოდნენ, რომ პირობების შესრულების შემდეგ მოვიფიქრებთ, მოგცეთ თუ არა პერსპექტივაო.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ევროკავშირისა და ნატოს არც ერთ ქვეყანას არ სურს საქართველოს ომში ჩართვა და თუ ჩვენ რუსეთმა დღემდე ვერ ჩაგვყლაპა, ეს სწორედ ევროკავშირისა და ნატოს დამსახურებაა.
რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას 24 ივნისის საპროტესტო აქციასა და სამოქალაქო მოძრაობის ულტიმატუმზე – სამოქალაქო მოძრაობა ახლა იქმნება, შესაბამისად, ძნელია შეფასება. აქ თავად პროცესია მნიშვნელოვანი, ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც რეფორმებსა და ცვლილებებს სამოქალაქო წნეხი სჭირდება. ხელისუფლება ისევ ოპოზიციას ადანაშაულებს პრობლემების შექმნაში. ოპოზიციას რომ ბევრი პრობლემა აქვს, ეს ყველამ ვიცით. ამიტომაც მარცხდება არჩევნებში. “ოცნებას” სრული ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ საქმე გააკეთოს, თუ ნამდვილად აქვს საამისო ნება”, – აცხადებს თენგიზ ფხალაძე.