„მათ შეძლეს ქართული მუსიკის უმაღლესი კულტურით წარმოდგენა მსოფლიოს წინაშე“ – სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანში
„საოცარი კონცერტი ვიხილეთ ვატიკანში, „სიქსტის კაპელის“ დარბაზში! მინდა მივულოცო საქართველოს ჩვენი მუსიკალური აზროვნების კიდევ ერთი, მორიგი უდიდესი გამარჯვება და აღიარება“ – წერს „შავნაბადას” ხელმძღვანელი დავით ცინცაძე სოციალურ ქსელში „სიქსტის კაპელაში“ საპატრიარქო გუნდის კონცერტის შესახებ.
„ვულოცავთ სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის! მათ შეძლეს ქართული მუსიკის უმაღლესი კულტურით წარმოდგენა მსოფლიოს წინაშე! ვულოცავთ გუნდის ხელმძღვანელს, სვიმონ ჯანგულაშვილს და გუნდის ყველა წევრს ამ ისტორიულ ფაქტში მონაწილეობას!
სრულიად ფანტასტიკური იყო ქართული მუსიკალური კულტურა, არქაულობიდან დღემდე, საინტერესოდ და მაღალი ხარისხით წარმოდგენილი! დღეს გუნდმა შეძლო და ჩვენი მუსიკა გაუტოლა ღვთიურ ქმნილებებს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობით მინდა მოვიხსენო ყველა მონაწილე!
მე მწამს, რომ დღევანდელი ფაქტი ეხმიანება არა მხოლოდ „ამიერს”, არამედ „,იმიერსაც” და იმ მომავალ თაობასაც, ვინც ხვალინდელ საქართველოს შექმნის!
დღეს კიდევ ერთხელ „ხმამაღლა ვიყავით” ის ერი, რომლის კულტურაც გამორჩეულად, განსაკუთრებულად ძველი და საოცრად მდიდარია“! – წერს დავით ცინცაძე.
„სიქსტის კაპელაში“, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, სამების საკათედრო ტაძრის გუნდის ორმოცმა მომღერალმა-მგალობელმა კონცერტი გამართა. საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცა. ეს ფაქტი ისტორიულ მოვლენად შეფასდა, რადგან „სიქსტის კაპელაში“ ქართველებმა პირველად იმღერეს.