უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ლისიჩანსკის სამხრეთით მდებარე დასახლებები გაძლიერებული ცეცხლის ქვეშაა

ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი ამჟამად რუსული ძალების გაძლიერებული ცეცხლის ქვეშაა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეკსანდრ მოტუზიანიკმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ფრონტის ყველაზე ცხელი სექტორები სევეროდონეცკიდან სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებია. მტერმა საჰაერო დარტყმების რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა“, – განუცხადა მოტუზიანიკმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ლისიჩანსკზე დარტყმების შედეგად, მიმდებარე დასახლებებში დიდი რაოდენობით შენობები განადგურდა.

„ბორივსკეს, ვერხნიოკამენკას, მიკოლაივკას და ბილა ჰორას დასახლებები ცეცხლის ქვეშაა. [რუსეთი] ცდილობს სრული კონტროლი დაამყაროს სევეროდონეცკზე და შეტევითი ოპერაციები განახორციელოს ლისიჩანსკის რაიონში, რათა ჩვენი სამხედრო ძალები ალყაში მოაქციოს და ძირითადი ლოჯისტიკური მარშრუტები გადაკეტოს. მძიმე ბრძოლები გრძელდება; მტერი ცდილობს ლოსკუტივკასა და რაი-ოლექსანდრივკას მიდამოებში ჩასვლას“, – განაცხადა მოტუზიანიკმა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის შეტევის მოგერიება ბორივსკეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები