კახა კოჟორიძე ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიების გააქტიურებას მიესალმება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიების გააქტიურებას მიესალმება. მისი თქმით, ბევრი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებაში სწორედ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.
“საქმის მასალებს არ ვიცნობ, ამიტომ რთული იქნება დამაჯერებლობაზე წმინდა იურიდიული შეფასების გაკეთება. ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი გარემოება სავარაუდო პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებდა, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი მასშტაბური საქმე იყო, რომელიც პროკურატურის მხრიდან გამოძიებას საჭიროებდა“,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა.