ქადაგიშვილი: ევროპელმა ლიდერებმა თქვეს, რომ ასოცირებული ტრიო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფი ევროპერსპექტივის მქონე ხალხი და სახელმწიფოებია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა გარკვევით თქვეს, რომ უკრაინა მოლდოვა და საქართველო ევროპული პერსპექტივის მქონე სახელმწიფოებია.

მისი თქმით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი დათქმით აქვთ მიღებული – მათაც ზუსტად იგივე რეკომენდაციები აქვთ შესასრულებელი, რაც საქართველოს.

„ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ თქვეს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო არიან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფი ევროპერსპექტივის მქონე ხალხი და სახელმწიფოები. როგორც ბორელმა აღნიშნა, რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, წლის ბოლოს ავტომატურად მოხდება საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭების საკითხის განხილვა. აქედან გამომდინარე, ხელი სპეკულაციებს კი არ უნდა მივყოთ, არამედ – საქმის კეთებას. საფრანგეთის პრეზიდენტმა მკაფიო გეოპოლიტიკური ახსნა მისცა იმას, თუ რატომ მოხდა ამ საკითხის წინ წამოწევა, რა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა ეს რეალობა. მან თქვა, რომ უკრაინა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის და ცხელი ომი აქვს, მისთვის ეს არის პოლიტიკური გრანტი, რომელიც ევროპამ მისცა. მოლდოვაში არის რთული ვითარება, გამოწვევების წინაშე დგას და ამიტომ ეს სტატუსი გეოპოლიტიკური კონტექსტით იყო განპირობებული. ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს განაცხადი იყო ძლიერი და შესრულებული საქმე ხარისხიანი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები