ვინ იყო 27 წლის ქართველი გენერალი, რომელიც ბოროდინოს ბრძოლაში დაიღუპა

1812 წლის სამამულო ომში ბოროდინოს ველზე ბრძოლისას ქართველი გენერლებიდან დაიღუპა მხოლოდ ერთი, გენერალ-მაიორი, გრაფი ქუთაისოვი, რომელსაც ორიოდ დღეში 28 წელი უნდა შესრულებოდა.

ალექსანდრე ქუთაისოვი იყო იმპერატორ პავლე პეტრეს ძის ფავორიტის, ივანე ქუთაისოვის (1759-1799) ვაჟი. ივანეს პეტერბურგში მოხვედრისა და სამეფო კარზე აღმასვლის გარემოებებზე რამდენიმე ვერსია არსებობს.

ერთ-ერთი ვერსიით, ქალაქ ქუთაისის (აქედან გვარიც- ქუთაისოვი) თურქთაგან განთავისუფლებისას, გენერალ ტოტლებენის ოფიცრებმა სამი თურქი ყმაწვილი დაიხსნეს ტყვეობიდან. ბავშვები ქართველები იყვნენ, მაგრამ თურქებმა სამივეს წინადაცვეთა ჩაუტარეს, ამიტომაც მიიჩნიეს თურქებად. ბიჭები პეტერბურგში წამოიყვანეს, მაგრამ ცოცხალი მხოლოდ ივანე გადარჩა, რომლის ნამდვილი გვარიც იყო კიკიანი.

პატარა ივანე ტახტის მემკვიდრე პავლე პეტრეს ძის მსახურად გაამწესეს. მან მალე მოიპოვა მომავალი იმპერატორის კეთილგანწყობა და ლაქიობით დაწყებული კარიერა, ობერ-შტალმეისტერის რანგში და გრაფის ტიტულით დაასრულა. საინტერესოა, რომ  1799 წლის  22 თებერვალს იმპერატორმა პავლემ ჯერ ბარონობა უბოძა, ხოლო იმავე წლის 5 მაისს გრაფად აკურთხა.

მონარქის გულუხვობა მხოლოდ ტიტულებით არ შემოფარგლულა და მალე გრაფი ქუთაისოვი იმპერიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. ამას ხელი შეუწყო სარფიანმა ქორწინებამაც და 1800 წლისთვის ივან პავლოვიჩი ფლობდა უზარმაზარ ქონებას და 50000 ჰექტარზე მეტ მიწას კურლანდის საჰერცოგოში.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა ივანე ქუთაისოვის ოჯახის შვილების კარიერაზე.

განგების ნებით, ალექსანდრე უაღრესად ნიჭიერი ყმაწვილი გამოდგა, საუბრობდა ექვს ენაზე, წერდა ლექსებს, კარგად ხატავდა და სამხედრო კარიერაც  სწრაფად გაიკეთა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, რომ თავდაპირველი განათლება მან ოჯახში მიიღო. 1793 წლის 6 იანვარს ლეიბ-გვარდიის ცხენოსანთა პოლკში ჩაეწერა ვიცე-ვახმისტრად. 1795 წლის 1 იანვარს გაამწესეს პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბ-გვარდიის სერჟანტად, 1796 წლის 1 იანვარს კი, გადაიყვანეს ველიკოლუცკის ქვეითთა პოლკში კაპიტნად.

1799 წლის 26 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

1801 წელს ალექსანდრე ქუთაისოვი შეიყვანეს სამხედრო კომისიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გრაფი არაყჩეევი. მას უნდა გამოესახა არმიის რეფორმის გზები. ქვეკომიტეტი, რომელშიც ქუთაისოვი მუშაობდა, არტილერიით იყო დაკავებული. ალექსანდრე ივანეს ძის უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საარტილერიო მიწოდების ინტეგრირებული სისტემა, იარაღის ერთიანი წარმოებიდან დაწყებული გამოთვლების მომზადებამდე.

1903 წლის 23 ივნისიდან ალექსნდრე ქუთაისოვი მსახურობდა მე-2 საარტილერიო პოლკში, რომელსაც მეთაურობდა მისი ბიძა დიმიტრი პეტროვიჩ რეზვოი.

1805 წლის ბოლოსკენ გენერალ ესსენის კორპუსის მეორე საარტილერიო პოლკთან ერთად მონაწილეობდა ავსტრიის ლაშქრობაში, როგორც საარტილერიო პოლკის ხელმძღვანელი.

1806 წლის 11 სექტემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1807 წლის 7 სექტემბრამდე სათავეში ედგა მე-2 საარტილერიო ბრიგადას.

1806-1807 წლების კამპანიაში, გენერალ ფ. ბუკსგევდენის კორპუსის შემადგენლობაში ყოფნისას, მიიღო საბრძოლო ნათლობა გოლიმინთან.

გრაფი ქუთაისოვი შესანიშნავი მეთაური აღმოჩნდა, მშვიდად და თავდაჯერებულად მართავდა საარტილერიო ცეცხლს.

ნაპოლეონის ეპოქაში არტილერია ხშირად წყვეტდა ბრძოლის შედეგს. საარტილერიო დანაყოფების მეთაურებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. ალექსანდრე  ქუთაისოვი იყო ისეთი მეთაური და ადმინისტრატორი, რომლის ნიჭიც რუსებმაც და ფრანგებმაც უდავოდ აღიარეს.

1805-1807 წლების კამპანიებმა ალექსანდრე ივანეს ძეს მოუტანა არა მხოლოდ წოდებები და ჯილდოები, არამედ დამსახურებული ავტორიტეტი, როგორც ოფიცრებს, ასევე რიგით ჯარისკაცებს შორის.

1806-1807 წლებში პრეისიშ-ეილაუსთან ბრძოლისას ქუთაისოვი მარჯვენა ფლანგის არტილერიას ხელმძღვანელობდა. მოწინააღმდეგის პოზიციების დათვალიერებისას მან აღმოაჩინა, რომ მტრის ძირითადი დარტყმის მოსალოდნელ მონაკვეთზე რუსების არტილერია შეტევას ვერ გაუძლებდა. მაშინ, საკუთარი რისკის ფასად, ახალგაზრდა გრაფმა რამდენიმე ბატარეა მიაშველა მარცხენა ფლანგს და როგორც შემდეგ გაირკვა, ამან გადაარჩინა კიდეც რუსთა არმია.

ამ ინიციატივისთვის გენერალ-მაიორ ქუთაისოვს წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენი უბოძეს. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კი მის მამას ივანე კიკიან-ქუთაისოვს უთხრა:

„თქვენი შვილი რუსეთის არმიის ღირსეული წარმომადგენელია, არმიას უყვარს იგი…“.

1808 წელს, ფრიდლანდთან ბრძოლისას პრაქტიკულად ახალგაზრდა გენერლის  სიმამაცემ გადაარჩინა რუსთა მთელი არტილერია და ამისთვის ალმასებით მორთული ოქროს დაშნაც დაიმსახურა წარწერით „სიმამაცისთვის“.

გრაფი ქუთაისოვი მარტო საომარ მოქმედებებში არ იყო გამორჩეული, მისი ძალისხმევით ხდებოდა საარტილერიო შეიარაღების სისტემის შემუშავება. ასეთი წარმატება ბევრს თავბრუს დაახვევდა, თუმცა ახალგაზრდა გრაფმა გადაწყვიტა, რომ მისი ცოდნა დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა და 1810- 1811 წლებში სამხედრო ხელოვნების დასაუფლებლად ჯერ ვენას მიაშურა და შემდეგ პარიზშიც ჩავიდა. სწავლობდა არქიტექტურას, ფორტიფიკაციას, მათემატიკას, ბალისტიკას.

1810 წლის მეორე ნახევარი გაატარა საფრანგეთში, მუშაობდა ბიბლიოთეკებში, უსმენდა პარიზის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორების ლექციებს, საღამოობით ესაუბრებოდა ფრანგ არტილერიის ოფიცრებს, აფასებდა მომავალი მტრის ორგანიზაციასა და ტაქტიკას.

პეტერბურგში დაბრუნებული ალექსანდრე ქუთაისოვი ჩართეს სამხედრო წესდებისა და მდგომარეობის შემდგენელ კომისიაში, რომელიც არმიის საორგანიზაციო საკითხებს არეგულირებდა. მისი შრომისმოყვარეობის შედეგი იყო დოკუმენტი, სახელწოდებით „საველე დიდი ჯარის მართვის ინსტიტუტი“. მანვე შეიმუშავა არტილერიის ერთიანი და კომპლექსური გამოყენების თეორია („საველე ბრძოლების საერთო წესები არტილერიისათვის“) და 1812 წლის ომამდე პრაქტიკაშიც დანერგა.

მრავალრიცხოვან ჯილდოებთან ერთად ალექსანდრე ქუთაისოვი დაჯილდოებული იყო წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენით.

ბოროდინოს ბრძოლისას გრაფი ქუთაისოვი პირველი არმიის არტილერიის უფროსი იყო. თვით მიხაილ კუტუზოვი არ თაკილობდა ახალგაზრდა გენერალთან თათბირს და მის რჩევებს ყურს უგდებდა. მარცხენა ფლანგზე შექმნილი საგანგაშო ვითარების გამო, ფელდმარშალმა ალექსანდრე გენერალ ერმოლოვთან ერთად მიავლინა ვითარების შესასწავლად, გზად გენერლებმა შეამჩნიეს, რომ მტერს ცენტრი გაერღვია და რუსთა ბატარეას დაპატრონებოდა. ორივე გენერალი დაკარგული სიმაგრის დასაბრუნებელ ბრძოლაში ჩაერთო ე. წ. რაევსკის ბატარეებთან. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, გრაფმა გენერალ პასკევიჩს ხელი ჩამოართვა და უკან დასახევად გამზადებულ ქვეით ჯარისკაცებს ხიშტით ბრძოლაში წინ გაუძღვა… უკან მხოლოდ მისი გასისხლიანებული ცხენი დაბრუნდა. რუსული არმიისთვის ეს დიდი დანაკლისი იყო, რადგან მხოლოდ მან იცოდა მთელი ფრონტის არტილერიის ზუსტი განლაგება და მანევრებსაც ის ხელმძღვანელობდა…

სამწუხაროდ, მისი გვამი ვერ იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი მფარველები სწყალობდნენ, ალექსანდრე ქუთაისოვმა ყველაფერს საკუთარი ნიჭითა და სიმამაცით მიაღწია. ამის დასტურად ფელდმარშალ კუტუზოვის სიტყვებიც კმარა, რომელიც მან მოგვიანებით ბრძანა:

„… ბოროდინოს ბრძოლა გაცილებით სხვაგვარად წარიმართებოდა გრაფი ქუთაისოვი ცოცხალი რომ ყოფილიყო…“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები