ჯანსუღ კახიძის ცენტრში „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გაიმართა

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
კონცერტს დავით მუქერია დირიჟორობდა. საღამოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობდნენ „ნიჭიერთა ათწლედის“ წარჩინებული მოსწავლეები: გაბრიელ ბერიძე (ას. პროფ. თამარ ბულიას კლასი), ანა ბერიაშვილი (ას. პროფ. გიორგი ხაინდრავას კლასი), შმაგი სიხარულაშვილი (დამს. პედ. ვეკა სვანიძის კლასი), მარიამ ჩახვაძე (ას. პროფ. ნინო ქათამაძის კლასი), ბექა სიხარულიძე (პედ. მამუკა სიხარულიძის კლასი)
ათწლედის მოსწავლეებმა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულეს ჰ. ვიეტანის, ე. შოსონის, რ. შუმანის, ს. რახმანინოვის და ფ. ლისტის ნაწარმოებები.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ თითქმის საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში კომპოზიტორთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, მუსიკისმცოდნეთა მრავალი თაობა აღიზარდა. დღეს, ათწლედი სწავლების გამორჩეული მეთოდოლოგიითა და მიღწევებით ქართული კულტურისა და სახელოვნებო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა.
„ნიჭიერთა ათწლედმა“ სხვადასხვა პერიოდში არაერთი წარმატებული კონცერტი აგამართა როგორც თბილისის სიმფონიურ, ისე კამერულ ორკესტრთან ერთად. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2016 წელს ათწლედის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართული კონცერტი, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძემ უდირიჟორა.
მაღალი რანგის პროფესიონალებთან თანამშრომლობა, ერთობლივი კონცერტების გამართვა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებისთვის არის უდიდესი გამოცდილება, მოტივაცია შემდგომი განვითარებისა და წინსვლისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები