გერმანიაში მომხმარებლებისთვის გაზზე ფასის სამჯერ გაზრდას პროგნოზირებენ
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ გაბეკი აცხადებს, რომ, გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ მან RTL Nachtjournal-ს განუცხადა.
კითხვაზე, ხომ არ ეშინია, რომ რუსეთი ივლისის შუა რიცხვებიდან გაზის მიწოდებას შეწყვეტს, გაბეკი ამბობს, რომ “მოვიტყუებ, თუ ვიტყვი – არა”.
ივლისში იგეგმება Nord Stream 1-ით გაზის მიწოდების შეჩერება გაზსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო.
კითხვაზე, წარმოიდგენს თუ არა მინისტრი, რომ გაზის გადასახადები შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს, გაბეკმა თქვა: “ეს არ არის გამორიცხული. დიახ, ეს შესაძლებლობის ფარგლებშია”.
ZDF heute-ის ეთერში გერმანელმა მინისტრმა თქვა, რომ, გაზის ექსპორტის ეტაპობრივი შეწყვეტით, რუსეთის პრეზიდენტი ახორციელებს გეგმას, შეინარჩუნოს მაღალი ფასები გერმანიასა და ევროპაში „სოციალური არეულობის გამწვავების მიზნით“.
რუსეთიდან გაზის მიწოდების მკვეთრი შემცირების ფონზე, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ე.წ. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.