ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის გახლავთ უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ეს არის ძალიან ძლიერი სტიმული ევროკავშირის მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ მიიღო პერსპექტივა, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
„ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის გახლავთ უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ეს არის ძალიან ძლიერი სტიმული ევროკავშირის მიმავალ გზაზე. საქართველომ მიიღო პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. პირველად ხდება, რომ მიღწეულია ეს ეტაპი. თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაგაჩნიათ. ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი. ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია – პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით. შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზად არის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს ქვეყანას, როცა შესასრულებელი პრიორიტეტები დაკმაყოფილდება.