ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნიდერლანდები ორმხრივადაც მუშაობს საქართველოსთან, რათა კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს.
„ევროკომისიის მოსაზრებების მიხედვით, მკაფიო ევროპული პერსპექტივაა უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის. სამივეს ძალიან ბევრი აქვთ გასაკეთებელი, განსაკუთრებით საქართველოს იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ ევროპული პერსპექტივა და ევროპული ამბიცია ნათელია და მკაფიო. უნდა ვიმუშაოთ და ნიდერლანდები ორმხრივადაც მუშაობს საქართველოსთან ბევრ პროგრამებში იმ დონემდე მისასვლელად, რომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი.
ევროკომისია ძალიან მკაფიოა ამ საკითხებში. ეს მოსაზრებები ერთის მხრივ ამბობს: უკრაინამ და მოლდოვამ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიეს და ეს პროგრესი საკმარისია კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, მაგრამ მოლაპარაკებების დასაწყებად ბევრი რამე არის გასაკეთებელი.
კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, თქვენ როგორც ხედავთ საქართველო ერთი ნაბიჯით უკანაა. ასე ვიტყოდი, ჭიქა ნახევრად სავსეა და არაა ნახევრად ცარიელი. ქართველი ხალხი დაინახავს, რომ ევროპიდან არის მკაფიო მზადყოფნა ევროპული ამბიციის აღიარების და ასე ვეუბნებით საქართველოს, მოდით ცოტა მეტია გასაკეთებელი“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე მსჯელობენ.