ამონარიდი გელაშვილის ინტერვიუდან, რომლის გამოც პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილმა მისი ცემის ბრძანება გასცა
მთავარმა პრუკურატურამ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და დანაშაულის ორგანიზატორებად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაასახელა. პროკურატურის მასალების თანახმად, ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება იმ ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც დეპუტატმა გაზეთ „რეზონანსს“ მისცა. ამ ინტერვიუში ვალერი გელაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. „კვირა“ გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ „რეზონანსში“ 2005 წლის ივნისში გამოქვეყნდა.
“პრეზიდენტი მომწონს თუ არა? რას ლაპარაკობთ, პრეზიდენტს რომ ცოლი გაექცევა, როგორ ფიქრობთ, ის კარგი პრეზიდენტია?” … “თუ ჩემს სახლში პრეზიდენტი კიბეებზე დარბის და უკან გაგლოევა დასდევს, ის ჩემი პრეზიდენტი არ არის… მე მას, როგორც ჩემს პრეზიდენტს, ვერ ვაღიარებ. პრეზიდენტი რომ კერძო საკუთრებას ეხება და მოქალაქის ინტერესს არ იცავს, ჩემთვის ის არ არსებობს”… “ჩემს სახლში ცხოვრება გაგლოევას უნდოდა. დადიოდა და ამოწმებდა, რა მოსწონდა და რა არა. უნიტაზებსაც კი ირჩევდა. რაც არ მოეწონა, შეაცვლევინა”, – ეს არის ცალკეული ფრაზები ვალერი გელაშვილის 2005 წლის ივნისში “რეზონანასში” გამოქვეყნებული იმ ინტერვიუდან, რაც პროკურატურის მტკიცებით, მაშინ ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის საფუძველი გახდა.