“იძულებულები გახდნენ, ის დაკლებული დაფინანსება, რაც აშშ-დან იგრძნეს, თვითონ შეავსონ” – ლევან მაჭავარიანი
“ევროკავშირის ეს გადაწყვეტილებაც ცალსახად მიუთითებს, რომ ის დაკლებული დაფინანსება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან იგრძნეს, იძულებულები გახდნენ, თვითონ შეავსონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს და ეხმიანება საკითხს, რომ ბრიუსელი USAID-ის ჩანაცვლებას იწყებს.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, აქ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ “ისინი თავიანთი ხალხის ფულს იყენებენ ისეთი “ენჯეოების” დასაფინანსებლად, რომლებიც პოლიტიკურ დღის წესრიგს ატარებენ და რამდენიმე თვის წინ ძალიან სერიოზული სკანდალები იყო ამასთან დაკავშირებით ევროკავშირში”.
“ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ათობით მილიარდი დოლარით ფინანსდებოდნენ და რომელთაც კლიმატის ცვლილების მიმართულებით უნდა ემუშავათ, აღმოჩნდა საბოლოოდ, რომ მთელი ეს ფული წასული იყო პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად, პოლიტიკური აქტივიზმისთვის, ლობიზმისთვის, მემარცხენე იდეოლოგიის გავრცელებისთვის და კონსერვატორული აზრის ჩახშობისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე უფრო მტკივნეული დარტყმა არის ევროპელი ხალხისთვის”, – აღნიშნავს მაჭავარიანი.