ნოვოჩერკასკის სასაკლაო — როცა საბჭოთა სისტემამ საკუთარ ხალხს ესროლა და სიმართლე დამალა

1962 წლის ივნისში რუსეთის ქალაქ ნოვოჩერკასკში მოხდა ის, რასაც წლების განმავლობაში მალავდნენ. თითქოს, არ არსებობდა სისხლი, მსხვერპლი და გასროლა… რეალურად კი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი მაგალითი იმისა, როგორ დაუპირისპირდა საბჭოთა სახელმწიფო საკუთარ მუშებს — იმ კლასს, რომლის სახელითაც ამართლებდა საკუთარ არსებობას.

ყველაფერი ეკონომიკური გადაწყვეტილებით დაიწყო. 1962 წლის 1-ელ ივნისს ხელისუფლებამ ერთდროულად გაზარდა ხორცისა და რძის ფასები და ამავე დროს, შეამცირა ხელფასები ნოვოჩერკასკის ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში. მუშებისთვის ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ უკვე აღარ შეეძლოთ საკუთარი ოჯახების გამოკვება. დილით დაწყებული უკმაყოფილება სწრაფად გადაიზარდა სპონტანურ გაფიცვაში.

ქუჩაში გამოსული მუშები ითხოვდნენ საჭმელს, სამართლიან ანაზღაურებას და დირექტორთან საუბარს. 2 ივნისს ქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ ქალები და მოზარდებიც. სწორედ ამ მომენტში ნოვოჩერკასკში შეიყვანეს შიდა ჯარები, მილიცია და „კაგებეს“ დანაყოფები. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე მიიღო.

როდესაც დემონსტრანტები ქალაქის პარტიულ შენობას მიუახლოვდნენ, გაისმა ბრძანება, რომელიც მოგვიანებით ოფიციალურ დოკუმენტებში მხოლოდ ორ სიტყვად ჩაიწერა: „ცეცხლი გახსენით“. სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს უიარაღო ხალხს.

სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მაგრამ შედეგი კატასტროფული იყო. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა, მინიმუმ, 26 ადამიანი, თუმცა მოწმეებისა და მოგვიანებით გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო. ათეულობით ადამიანი დაიჭრა. ქუჩაში დარჩენილი სისხლის კვალი სასწრაფოდ მორეცხეს.

დაღუპულები ოჯახებს არ გადასცეს. ისინი ღამით, ფარულად, სხვადასხვა სასაფლაოზე დამარხეს. ნათესავებს აუკრძალეს დაკრძალვაზე დასწრება და დაემუქრნენ, რომ მომხდარზე საუბარი მძიმე სასჯელს გამოიწვევდა. ქალაქში ჩამოწვა დუმილი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

პროტესტის შემდეგ რეპრესიები დაიწყო. ასზე მეტი ადამიანი დააკავეს. შვიდი მათგანი სიკვდილით დასაჯეს „მასობრივი არეულობის ორგანიზების“ ბრალდებით. ათეულობით მოქალაქე ხანგრძლივ პატიმრობაში გაუშვეს. სასამართლო პროცესები დახურული იყო, განაჩენები — წინასწარ განსაზღვრული.

ნოვოჩერკასკის ტრაგედია საბჭოთა კავშირში სახელმწიფო საიდუმლოდ გამოცხადდა. პრესაში ერთი სიტყვაც არ დაწერილა. სკოლებში, უნივერსიტეტებში, პარტიულ სხდომებზე ეს თემა არ არსებობდა. მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს, „პერესტროიკის“ პერიოდში დაიწყო სიმართლის ნელ-ნელა ამოტივტივება.

დღეს ნოვოჩერკასკის მოვლენები სრულად დადასტურებულია დეკლასიფიცირებული არქივებით, „კაგებეს“ დოკუმენტებით, სასამართლო მასალებითა და გადარჩენილი მოწმეების ჩვენებებით. ეს არის ფაქტი, რომელიც აჩვენებს, რამდენად მყიფე იყო ადამიანის სიცოცხლე სისტემაში, რომელიც საკუთარ თავს „ხალხის სახელით“ მოქმედად აცხადებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები