ირაკლი კობახიძე: საქართველო, ცალსახად, ყველა სფეროში უფრო წინაა, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, ამ პარამეტრების მიხედვით, კანდიდატის სტატუსს ვიმსახურებდით

„საქართველო, ცალსახად, არის ყველა სფეროში უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა და ჩვენ ვიმსახურებდით ამ პარამეტრების მიხედვით, კანდიდატის სტატუსს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.

ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ევროკავშირის მიმართულებით ჩვენს წინსვლას, შეგახსენებთ, თქვენი ხელისუფლების დროს რა ხდებოდა და როგორი ჩამორჩენა იყო ევროინტეგრაციის მიმართულებით. ENP-ის სამოქმედო გეგმა ჩვენ გადმოგვცეს ორი წლით გვიან ვიდრე უკრაინას, რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებებს, ჩვენთან დაიწყო 4 წლით გვიან, ვიდრე უკრაინის შემთხვევაში. რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, მოლაპარაკებები დაიწყო ჩვენთან, თქვენი ხელისუფლების გაჭიანურების გამო, 3 წლით გვიან, ვიდრე უკრაინაში. თუმცა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, გავასწარით უკრაინას როგორც ვიზალიბერალიზაციის მიღების კუთხით, ასევე, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის კუთხით. ეს არის რეალობა. ეს არის თქვენს მიერ გაჭიანურებული პროცესი და ეს არის ის შედეგები, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას.

რაც შეეხება ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლას – უზენაეს სასამართლოზე არის ხოლმე ხშირად საუბარი. მოგვიწოდებდნენ, რომ არ აგვერჩია უზენაესის მოსამართლეები. მე შეგახსენებთ, რომ არ აგვერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დღეს ამ ინსტანციაში იქნებოდა სულ სამი მოსამართლე. ეს უნდოდათ, მგონი, ჩვენს ოპონენტებს, გარდა სხვა რაღაცებისა, უნდათ, რომ აბსოლუტურად უფუნქციო იყოს ეს სისტემა, რომ ამ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. თუმცა, ამას ჩვენ ვერ გავუკეთებდით რადიკალურ ოპოზიციას და ჩვენ სრულად დავაკომპლექტეთ უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლით, როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით. არის ზოგადი კრიტიკა. მარტივი კითხვა დავსვათ: ერთი პრეტენზია მაინც თუ მოუსმენია ვინმეს, იქიდან მოყოლებული, ამ გასული ორი წლის განმავლობაში, თუნდაც ერთი საქმის მიმართ, რომელიც განიხილა უზენაესმა სასამართლომ. ნული. არცერთი საქმის მიმართ არცერთი პრეტენზია არ აქვს არავის, როცა საქმე ეხება უზენაეს სასამართლოს. ეს არის სიყალბე, რომელსაც მუდმივად აჟღერებენ ეს ადამიანები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე. ეს არის მათი პროპაგანდის ნაწილი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეს არის მავნებლობა და ზუსტად ისეთივე ღალატი, როგორიც იყო თავის დროზე იმ ცნობილი რეზოლუციის მხარდაჭერა თქვენი მხრიდან. ნებისმიერ სფეროში, პრემიერ-მინისტრმა და კოლეგებმა ამაზე ისაუბრეს, ნებისმიერ მიმართულებით ჩვენ გვაქვს არა მარტო ფუნდამენტური წინსვლა 2012 წელთან შედარებით, არამედ, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ყველა მიმართულებით და ყველა სფეროში ყველა სისტემური პრობლემა არის მოწესრიგებული, რაც თქვენგან დაგვხვდა, თავის დროზე, 2012 წელს, მემკვიდრეობით. ეს ეხება, როგორც ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციურ მოწყობას, მედიის თავისუფლებას და ასე შემდეგ. არა მარტო ფუნდამენტურია სხვაობა, არამედ ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ სისტემურად გამოსწორდა ყველაფერი, რაც სახელმწიფოს ფუნქციონირებას უკავშირდება. საქართველო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ცალსახად, არის ყველა სფეროში უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა და ჩვენ ვიმსახურებდით ამ პარამეტრების მიხედვით, კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები