პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წლიური მოხსენება გააკეთა, ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დეპოლარიზაციის მიზნით გადადგა.
„ჩვენ შევცვალეთ კონსტიტუცია და მივიღეთ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, სადაც სახელისუფლებო შტოები გავმიჯნეთ და დავაზღვიეთ საბოლოოდ, რომ ეს კონსტიტუცია ხელისუფლებებმა მომავალში არ მოირგონ თავის თავზე. შევქმენით საპარლამენტო კონტროლის ძლიერი მექანიზმები, რომელიც გამოყენებაც აგერ უკვე 2 წლისთავზე დაიწყო ოპოზიციამ. შევცვალეთ დაფინანსება – პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ოპოზიციას გაუჩნდა რეალური დაფინანსება, რითაც შეიძლება პატიოსან და კონკურენტულ არჩევნებში ჩაერთოს. მივეცით დაშვება და ხელმისაწვდომობა მედიაზე და ესეც კანონმდებლობით იყო უზრუნველყოფილი არჩევნების დროს. ჩვენ შევქმენით გარემო, რომ პარლამენტში ყოფილიყო მეტი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი და ეს ნაბიჯები არის დეპოლარიზაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო, განსაკუთრებით რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაზრდილიყო.
„ეს იყო ცილისწამება და პროპაგანდა, რეალობის გადაკეთება თქვენ მიერ კონტროლირებადი მედიით, რომელიც უდავოდ ზრდის პოლარიზაციას. ეს იყო არჩევნების შედეგების უპატივცემულობა, როდესაც თქვენსავე ამომრჩევლებს უთხარით, რომ თქვენ კი აგვირჩიეთ, მაგრამ არ შევალთ პარლამენტში, დავდგებით ქუჩაში და ქუჩის პოლიტიკით ვეცდებით შევცვალოთ მოვლენები. ორუელის ცნობილი ნაწარმოების „1984“ გვახსენდება იმ ქცევებზე, რასაც აქ აკეთებს რადიკალური ოპოზიცია. თქვენ ამბობთ, რომ ომი მშვიდობაა. რეალობის გადაკეთებით ხართ დაკავებული, აი, ესაა პოლარიზაცია“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
არჩილ თალაკვაძემ ეკა ხერხეულიძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს „საშიშები“ უწოდა.
„ეს თქვა იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელმა, რომლის მმართველობის პერიოდშიც ამ ქვეყანაში ხდებოდა ყველაზე გაუგონარი საშიში ამბები. თავისუფლებაზეც და პატიმრობაშიც ადამიანები იყვნენ უსასტიკესი ტერორის ქვეშ. ღამღამობით, 21-ე საუკუნეში, კაპიტალიზმსა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში ბიზნესმენები მიდიოდნენ და ჩუქნიდნენ სახელმწიფოს მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგროვებულ და ნაშრომ ქონებასა და ბიზნესს. დედები 24 საათის განმავლობაში იდგნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ჭიშკრებთან. არცერთ ევროპულ ქვეყანას არ ახსოვს ასეთი რამ. თქვენ ევროპული პარტია კი არ ხართ, არამედ ევროპის და ევროკავშირის დროშაზე ჩამოკიდებული პარტია, რომელიც ევროპის სახელით აკეთებდით ყველაზე საშინელ პოლიტიკას და ჩადიოდით ყველაზე სასტიკ დანაშაულებს ამ ქვეყანაში“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მისი თქმით, დღეს მსჯელობა უნდა ყოფილიყო სამომავლო საკითხებზე.
„თქვენ რომ მართლა მომავალზე ფიქრობდეთ, ერთ ბოდიშს მაინც მოუხდიდით ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რაც ჩაიდინეთ, მაგრამ ეს არ გაგიკეთებიათ ამ წლების განმავლობაში და დღესაც გინდათ ახალი პოლიტიკური ტანსაცმელი გადაიცვათ და ნიღბები აიკრათ და ისე გამოხვიდეთ პოლიტიკურ სცენაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ევროპაში მოგზაურობისას ოპოზიცია საქართველოს ბლოკავდა სტატუსის მიღების პროცესში.
„თქვენ დაკარგეთ ოპოზიციის ფუნქცია და იქეცით თქვენი ქვეყნის ოპონენტებად. მთელი ზიზღის პროეცირებას აკეთებთ ერთ ადამიანზე, რომლის დაფინანსებულ პროექტებზეც ლენტებს ჭრიდით ისე, რომ მადლობასაც არ უხდიდით. აი, ეს არის თვალთმაქცობა და პოლიტიკური ფარსი, რომელშიც თქვენ ხართ წლებია“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი.
„სადაც სულხან-საბა ორბელიანიდან დღემდე მოთმინებით, ბრძოლით, თავისუფლებისთვის თავდადებით მოვიდა, ამ 6 თვესაც მოვითმენთ და მეტსაც გავაკეთებთ, რომ საქართველო თავის ევროპულ ოჯახში გაწევრიანდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.