„დღეს გავრცელდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ბოლო განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს განაცხადი არის ძლიერი, ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვას. ეს ქვეყნები იმსახურებენ ევროპერსპექტივას და საქართველოსთან მიმართებაში ის წერს და ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება პოლიტიკური ერთობა, პოლიტიკური გაერთიანება. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში“, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ განცხადებაში ევროკომისიის პრეზიდენტი იმას კი არ ამბობს, რომ საქართველოს პროგრესს ვერ ხედავენ, არამედ ისინი ძალიან კარგად ხედავენ და ძალიან კარგადაც აფასებენ ამ პროგრესს, რაც საქართველოს ამ ეტაპზე მიღწეული აქვს და იმასაც კარგად ხედავენ შემდგომი პროგრესისათვის, შემდგომი რეფორმებისათვის და შემდგომი წინსვლისათვის რა სჭირდება საქართველოს.
„საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გაერთიანება საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების და მათ შორის, პოლიტიკოსების. ახლა გავიხსენოთ, რა სიტყვებით მიმართა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების საღამოს ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს იყო დრამატული ბრძოლა ავტორიტარულ რეჟიმთან და ეს ბრძოლა ქართველმა ხალხმა მოიგო და გაიმარჯვა და გამარჯვებულის სიტყვები იყო ერთი – ჩვენ არ მოვიქცევით ისე, როგორც იქცეოდით და იმსახურებთ, ჩვენ მოვიქცევით და მოგექცევით ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი, ქართველი ერი, მისი ისტორია და მისი პერსპექტივა და ასე მოიქცა „ქართული ოცნება“. ამის ქმედებაში გატარება არ იყო არასდროს იოლი და ადვილი საქმე. ეს იყო ევროპულ ენაზე ნათქვამი კოჰაბიტაცია ანუ მშვიდობიანი განვითარება პოლიტიკური პროცესის და მათ შორის, ყველაზე მიუღებელი ქმედების მქონე პოლიტიკური პარტიის ადაპტირება ახალ რეალობასთან და ჩვენ ხედავთ რა რეალობა მოიტანა ამ პოლიტიკურმა პარტიამ დღემდე საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რაც 2012 წლამდე იყო, არავის ეხალისება და არც პრემიერ-მინისტრს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა გავრცობითი და განგრძობითი თემაა.
„იმ სიტყვების შემდეგ რომ დამთავრებულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ის ქმედება, დღეს, რა თქმა უნდა, არავინ ილაპარაკებდა ამაზე. 2008 წლის შემდეგ მათი მთავარი მიზანი იყო სინგაპურიზაცია და სინგაპური მარტო ეკონომიკური კეთილდღეობა არ არის. სინგაპური არის აბსოლუტურად სხვა მენტალობის მმართველობა და იდეოლოგია, ვიდრე ეს არის ევროპული მენტალობა და მმართველობა. წაიკითხეთ სინგაპურის ეკონომიკური წინსვლის შემქმნელის და პრემიერ-მინისტრის მოსაზრებები და მისი დამოკიდებულება ევროპულ და დემოკრატიულ ფასეულობებთან, როგორია მისი ხედვები ამ ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით. მაგრამ, ეს იყო ჩვენი ბოლო მიზანი, რომელსაც სააკაშვილი და ეს პარტიები გვიქადაგებდა. დღეს ეს გავრცობითი ნგრევა ქართული პოლიტიკური ერთობისა ევროპისკენ მიმავალ გზაზე, სამწუხაროდ, გრძელდება და გრძელდება მასშტაბურად და გრძელდება ჰიბრიდული ომის საუკეთესო, რომ იტყვიან ავანგარდისტული მეთოდებით. და რა ვქნათ, არ ვუპასუხოთ? ამას უნდა ვუპასუხოთ იმიტომ, რომ თუ ჩვენ მოვდუნდებით და ფარხმალს დავყრით ვერასდროს მივიღებთ იმ შედეგს, რა შედეგიც გვინდა ჩვენ ყველას. მუდმივად უნდა ვამხილოთ თუ რა კავშირია იმ მძიმე წარსულს და იმ მძიმე დღევანდელ ქმედებებს შორის, რომელმაც დღეს საქართველოს გარკვეული ხინჯი მიაყენა, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ხინჯში მართლა დიდია მათი დამსახურება და მათი წვლილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.