ევროკომისიის პრეზიდენტი: საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებს და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა

საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებს და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით მისი ეკონომიკის საბაზრო მიმართულებით, აქვს ძლიერი კერძო სექტორი, თუმცა, წარმატებისთვის ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს.

„თავისი განაცხადებით უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გვეუბნებიან, რომ სურთ ცვლილებები, სურთ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, ძლიერი რეფორმები. ისინი გვეუბნებიან, რომ სურთ ევროპა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მათ მიმართ, თუმცა, პასუხისმგებლობა გვაკისრია საკუთარი თავისი წინაშეც, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი.

საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებს და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით მისი ეკონომიკის საბაზრო მიმართულებით, აქვს ძლიერი კერძო სექტორი, თუმცა, წარმატებისთვის ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს. მან უნდა შეიმუშავოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს ყველა აუცილებელ რეფორმას, პროცესში ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას და ისარგებლებს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით.

სწორედ ამიტომ, საბჭოს ვაძლევთ რეკომენდაციას, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დაუბრუნდეს საკითხს და შეაფასოს, როგორ დააკმაყოფილებს პირობებს კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. რამდენად შორს წავლენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ეს პირველ რიგში მათ ქმედებებსა და პროგრესზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები