პრემიერი: მთელი მსოფლიო წესრიგი, წესებზე დამყარებული წესრიგი დადგა დიდი გამოწვევის წინაშე რომელიც განაპირობა რუსეთის შეჭრამ და აგრესიამ უკრაინაში

ჩვენ მადლობა ღმერთს ჩვენი ამ გონივრული პოლიტიკით შევძელით ის რომ გვაქვს უპრეცედენტო, მთელს ევროპაში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევთ ახალი ტვირთების მოზიდვას ჩვენ კორიდორში – ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დეპუტატ დავით სონღულაშვილის კითხვის საპასუხოდ პარლამენტში განაცხადა.

„ბატონო დავით თქვენს კითხვაზე მე გავეცი პასუხი და კიდევ ერთხელ მინდა, რომ კარგად განვმარტო და ავხსნა, რომ მართლაც ძალიან რთული ვითარებაა მთელს მსოფლიოში და ჩვენ და თქვენ ძალიან კარგად ვიცით, მეგობრებო, რომ ასეთ გამოწვევა, ასეთი პრობლემა მსოფლიოს არ ჰქონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მთელი მსოფლიო წესრიგი, წესებზე დამყარებული წესრიგი დადგა დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც განაპირობა რუსეთის შეჭრამ და აგრესიამ უკრაინაში და ომმა.

რა თქმა უნდა ბუნებრივია, მე წეღან აღვნიშნე, მთელს ევროპაში ფასები გაორმაგებული, გასამმაგებული, რიგ შემთხვევაში გაოთხმაგებულიც არის – ინფლაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ლოჯისტიკაში პრობლემებია, გადაზიდვებში, ფასები პროდუქტებზე.

მათ შორის დავოსის ფორუმის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი რაც მოვისმინე პროგნოზები და შეფასებები არის ის რომ ღარიბი, უფრო მეტად მოწყვლადი ქვეყნები, ამ შემთხვევაში აფრიკის ქვეყნებზე იყო უფრო მეტად აქცენტი გაკეთებული, კიდევ უფრო მეტად გაღარიბდებიან. ამ სიტუაციაში თუ მთავრობები არ იქნებიან მობილიზებული და არ მართავენ ეფექტურად ამ კრიზისს და ამ პროცესს და ჩაერთვებიან უგუნურ და რაღაც გაუგებარ პროვოკაციებში ქვეყანა და ქვეყნები დაიღუპებიან და კიდევ უფრო გაღარიბდებიან.

ჩვენ მადლობა ღმერთს ჩვენი ამ გონივრული პოლიტიკით შევძელით ის რომ გვაქვს უპრეცედენტო, მთელს ევროპაში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვაქცევთ ახალი ტვირთების მოზიდვას ჩვენ კორიდორში. უკრაინის ომმა აჩვენა, რომ დივერსიფიკაცია არის აუცილებელი, თუ მანამდე ტვირთები დადიოდა რუსეთის ტერიტორიის გავლით, ახლაც ძალიან ბევრი კომპანია, მათ შორის მე შეხვედრა მქონდა ასევე ყაზახეთის პრეზიდენტთან, კომპანია ვიტოლთან და სხვა კომპანიებთან ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, მათი მოთხოვნა არის რომ მოახდინონ დივერსიფიკაცია და ჩვენს კორიდორში წამოვიდეს ტვირთები. ამას სჭირდება რა თქმა უნდა გამართული ინფრასტრუქტურა, რკინიგზა, პორტები და ამ მიმართულებით გვჭირდება მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები