გიორგი ხელაშვილი: მთავრობის საერთაშორისო ძალისხმევა მიმართული იყო ეროვნული ინტერესების დასაცავად, შენარჩუნებული იქნა მშვიდობა და პროგრესი
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საგარეო პოლიტიკაში, ფაქტობრივად ორი მსოფლიო კრიზისის პირობებში მოუხდა მთავრობას მუშაობა. ერთი ეს იყო პანდემია, მეორე იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული რეგიონული კრიზისი. ამ ფონზე მთავრობის მიღწევები არის თვალში საცემი. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაში ყოველგვარი კომპრომისის გარეშე ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა.
გიორგი ხელაშვილი თავის გამოსვლაში კომიტეტის სახელით, ისაუბრა ბოლო წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე და ხელშესახებ მიღწევებზე.
„დავიწყებ ევროპის საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციით, რომელმაც შეაჯამა ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სამი მიმართულებით: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და სამართლიანობის კუთხით. დასკვნა იყო ის, რომ საქართველომ მიაღწია არსებით პროგრესს. საქართველო უფრო დაუახლოვდა ნატო-ს და ევროკავშირს. საერთაშორისო უარყოფითი გარემოს მიუხედავად, შენარჩუნდა ეკონომიკური კავშირები და მიღწეულ იქნა ეკონომიკური ზრდა, არაღიარების პოლიტიკის გაფართოება მოხდა მსოფლიოს მასშტაბით, რისთვისაც აქტიურად მუშაობდა და მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პანდემიის მიუხედავად ბევრი იყო საერთაშორისო მნიშვნელოვანი ვიზიტი, შეთანხმებები და ხელშეკრულებები, რომლებიც თანამშრომლობის საერთაშორისო ბაზას ამყარებს საქართველოსათვის, ასევე გამყარდა ურთიერთობები ქართულ დიასპორასთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობა სულ უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება მთავრობისათვის“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უმძიმესი საერთაშორისო, რეგიონული და რუსული საფრთხეების ფონზე, საქართველომ შეძლო უკრაინის მიმართ უპრეცედენტო ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზება; მისი თქმით, პირველი წარმატებები იქნა მიღწეული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით 2008 წლის ომზე, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტურად დაეკისრა რუსეთს და სამი ბრძანება იქნა გამოცემული დამნაშავეების დაკავებაზე.
„ევროპის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მიხედვით, სავარაუდოდ, ევროპა შეძლებს 17 მლრდ-მდე დოლარის მოზიდვას და აქედან რამდენიმე მილიარდის ფარგლებში 5 საფლაგმანო პროექტის განხორციელდება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს ასოცირებული ტრიოს ჩამოყალიბება და საერთო ძალისხმევით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიღება.
ნატოს-თან დაკავშირებით შეიძლება მოკლედ და გასაგებად ითქვას, რომ პრაქტიკულად არანაირი ბიუროკრატიული და ტექნიკური წინააღმდეგობა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებისთვის ჩვენი მთავრობის ძალისხმევით აღარ არსებობს და მისაღებია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასევე ავღანეთიდან მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდეგ საქართველო მოწინავე იყო მშვიდობიანი ხალხის და სამხედრო კონტინგენტის ევაკუაციაში.
განსაკუთრებული მიღწევებია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება ამერიკის მხრიდან ნ უმაღლეს ნიშნულზეა და ისტორიაში მაქსიმალური დახმარება მივიღეთ მათგან – 132 მლნ დოლარზე მეტი. ასევე დაიდო შეერთებულ შტატებთან, პენტაგონთან თავდაცვისუნარიანობის და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაში.
საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ისტორიაში პირველად საქართველომ გადადგა ძალიან სერიოზული ნაბიჯები კავკასიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ამისთვის პირადი მადლობა ბატონ პრემიერ ეკუთვნის. ასევე იორდანიის სამეფოში საქართველო მიიღო 400 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რაც ქართული კულტურის ცენტრის დაარსებას მოხმარდება. ასევე უმნიშვნელოვანესი იყო, რომ საქართველომ ბოლო წელიწადნახევარში მიიღო კოვიდის პანდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისო უპრეცედენტო დახმარება, რაც მთავრობის ძალისხმევის შედეგი იყო.
მთავრობის საერთაშორისო ძალისხმევა მიმართული იყო ეროვნული ინტერესების დასაცავად და მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად შენარჩუნებული იქნა მშვიდობა და პროგრესი“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ ოპოზიციის მხრიდან დღესაც ჰქონდა ადგილი პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობას:
„ოპოზიციის ძირითადი მცდელობა მიმართული იყო პოლიტიკური შეტევებით რეალური საქმიანობის დაჩრდილვისკენ და მათ გააკეთეს ის რაც ყველაზე კარგად გამოსდით – პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება ქვეყნის დასაზიანებლად“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.