მიხეილ სარჯველაძე: 17 ივნისის გადაწყვეტილება არის საქართველოს წარმატება, რომელსაც დაფასება სჭირდება და არა ინსინუაციები, რომელიც შემოგვთავაზა დღეს ოპოზიციამ

„ოპოზიციამ შემოგვთავაზა ერთგვარი სპექტაკლი ემოციური გაუწონასწორებლობის და აღშფოთების  სიმულაციები, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ სატყუარაზე აღარავინ წამოეგება და ეს მათი მხრიდან არის უდავოდ შეცდომა. შეცდომაა როდესაც ოპოზიცია მოსახლეობას უხსნის და ცდილობს დაარწმუნოს, რომ 17 ივნისის გადაწყვეტილება იყო უკუსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. დავესესხები ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელმაც თქვა, რომ ეს არის საქართველოსთვის „უზარმაზარი ნაბიჯი წინ“. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ ყველამ დავინახოთ უდავო ფაქტი შეულამაზებლად და ამაზე შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ, – ეს არის საქართველოს წარმატება, რომელსაც დაფასება სჭირდება და არა ინსინუაციები, რომელიც შემოგვთავაზა დღეს ოპოზიციამ“, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.

მიხეილ სარჯველაძემ  აღნიშნა, რომ შეცდომაა, როდესაც 20 ივნისს შეკრებილ ადამიანებს ოპოზიცია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მხარდამჭერებად ასაღებს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა  პრემიერის მიერ 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე გაკეთებულ განცხადებაზე.

„მოვისმინეთ კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ საუბრობდა პრემიერი 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე. ამას ორი ახსნა აქვს. ერთი – დღეს ოპოზიციის მხრიდან გველაპარაკება პოლიტიკური ძალა, რომლის ღირებულებათა სისტემაშიც ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას ადგილი საერთოდ არ აქვს. მედიის მდგომარეობა, ყავარჯნები, და ყველაფერი რაც ვახსენეთ, ამის ნათელი ილუსტრაციაა და ამის ხშირად შეხსენება საზოგადოებისთვის კრიტიკულად აუცილებელია, რომ ერთხელ დაშვებული შეცდომა აღარ იქნეს განმეორებული ჩვენს რეალობაში. ამით გამოირჩნენ სამწუხაროდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ამით დაამახსოვრეს თავი საკუთარ ხალხს.

რაც შეეხება მეორე გარემოებას  – საზომი ამ ხელისუფლების მოღვაწეობისა, არის ის წარმატებები, რომელიც არსებობდა 2012 წლის შემდეგ. ხშირად მოგვიწევს საუბარი იმაზე, რომ 2012 წლამდე იყო ის რაც იყო და ის დიამეტრალურად განსხვავდება იმისგან, რაც დღეს გვაქვს, იქნება ეს სასამართლოს თემა თუ ნებისმიერ სფეროში ადამიანის უფლებები, სოციალური მდგომარეობა თუ ნებისმიერი სხვა. ყველა ამ მიმართულებით გვაქვს შეუდარებლად განსხვავებული მოცემულობა იმასთან რაც გვქონდა 2012 წელს“.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ოპოზიციონერი კოლეგები წინასწარ გაეცნობოდნენ ანგარიშს, ბევრი კითხვა რომელიც აქ დაისვა, რეალურად აღარც დაისმებოდა.

„ანგარიშის გაცნობის შემთხვევაში ყველასთვის გასაგები იქნებოდა, რომ ქვეყანას აქვს უზარმაზარი წარმატება მაგალითად ეკონომიკური მიმართულებით. როდესაც აღნიშნულია ანგარიშში, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით 2012 წლიდან დღემდე წლიური მაჩვენებელი 3 მილიარდ 200 მილიონით არის გაზრდილი, ეს შეიძლება ვინმესთვის არაფერია, ან ვინმეს სწყინს ეს ოპოზიციიდან და  ეს ძალიან ცუდია, ცუდია იმიტომ, რომ არ შეიძლება პარლამენტს წარმოადგენდე და გწყინდეს ქვეყნის წარმატება. ამის მომსწრენი არაერთხელ გავმხდარვართ.

მე ვერ ვისაუბრებ ყველა დეტალზე, რომელიც წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნის ბოლო დროის ისტორიაში, მაგრამ ყველაფერს დაფასება სჭირდება, თვალის გასწორება ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და ამის მიხედვით სამომავლო გეგმების დაგეგმვა.  რეალურად მთავარია, რომ ქვეყანა ვითარდება სწრაფი ტემპით და ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები