ნანუკა ჟორჟოლიანი: ბრალის წარდგენის მიზეზი გელაშვილის ინტერვიუა, დედას გეფიცები, ეგრეა
სოდის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას მეუღლე ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. “კვირა” ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ თქვა, კოდუამ წაიკითხა სტატია, სადაც გელაშვილი პრეზიდენტზე ცუდს ამბობდა, გაბრაზდა და სცემაო (ურა პატრიოტიაო რა, ან სხვა რამეო, არ დავწერ აქ), პროკურატურა დღეს ამბობს, უი უი, შეგვეშალაო, კი არ წაიკითხა და გაბრაზდაო, მიშამ ვანოსო, ვანომ კოდუასო, კოდუამ სირაძესო, სირაძემ კიდევ ვიღაცებს დაავალაო. მოკლედ, ვალერი გელაშვილი მთელმა ხელისუფლებამ სცემა ერთადო, ე ბიჯო, როგორც ჩემი ცოტნე იტყოდა, სტატიაზე ბრალის წაყენება ვის გაუგია… თქვენ და გარეთ რომ ხალხს აშარდინებთ, მანდ ზიხართ ჩუმად და ეწევით? ეგ ცუდია ძაან. სხვებსაც უნდა მოაწევინოთ… ღორობა ჰქვია მაგას… კოდუა მანდ რაა, საერთოდ ვეღარ გავიგე… ადრე ინიციატორი იყო… ორგანიზატორი სხვა იყო და ახლა, მგონი, მაყურებელი გამოდის უბრალოდ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ჟორჟოლიანი ასევე მიიჩნევს, რომ ბრალის წარდგენის მიზეზი გელაშვილის ინტერვიუა.
“ახალი გარემოება არ არსებობს… ბრალის წარდგენის მიზეზი გელაშვილის ინტერვიუა მხოლოდ. ვიცი, არ დამიჯერებ, მაგრამ დედას გეფიცები, ეგრეა… გელაშვილი ვარაუდობს ასე და ბრალიც იმიტომ წაუყენეს”, – წერს კომენტარებში ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ბრალდება წარუდგინა.
მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 -დან 8 წლამდე ვადით.
ხსენებულ ფაქტზე, 2014 წლის 24 აპრილს პასუხისგებაში მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე – სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით და 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.
“ვინაიდან ისინი თავს არიდებენ გამოძიებას, მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა“- აღნიშნავენ პროკურატურაში.