პენიტენციური სამსახური: ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ სააკაშვილს შეეზღუდა შეხვედრის უფლება

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ სააკაშვილს შეეზღუდა შეხვედრის უფლება, – ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

„მიმდინარე წლის 22 ივნისს კლინიკა ვივა-მედში მივიდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი და მოითხოვა მსჯავრდებულთან შესვლა. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მას განუმარტეს, რომ  მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა.

კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმართვის შემდეგ, ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულებას.

საზოგადოების სათანადო ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით, რისი ნათელი მაგალითია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ სააკაშვილთან იმყოფებოდა 935 ვიზიტორი.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები