სოზარ სუბარი საპარლამენტო ოპოზიციას: სააკაშვილის მმართველობისას წელიწადში 700- 800 საქმე მიდიოდა სტრასბურგში, ხოლო შარშან 60 საქმე წავიდა, არ არის განსხვავება?
„ვლაპარაკობთ ევროპაზე და დღეს მთელი დღე ისმოდა ზიზღი, ბოღმა, ყვირილი და მოსმენის ჩაშლის მცდელობა. რომელ ევროპაზე ვლაპარაკობთ და რომელი ევროპისკენ მივდიოდით? პარტია, რომელიც იტაცებდა ადამიანებს, გაჰყავდა ზღვაში, ხვრეტდა და როდესაც ასეთი პარტიის ლიდერი ციხეში ზის, გმირიაო გვეუბნებიან“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიური მოხსენება გააკეთა.
სოზარ სუბარმა რუსულ კომპანიებზე მიყიდული ობიექტები შეახსენა საპარლამენტო ოპოზიციას.
„მარტო ხრამები მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარი დაჯდება, რომ ააშენო და ასიათას დოლარად მიჰყიდეს, რის ფასსაც ერთ წელიწადში ამოიღებდა ის კომპანია. სამი სავარაუდო პასუხი არსებობს: პირველი: არის აგენტი და შეასრულა ის დავალება, რაც მისცეს, მეორე – ქრთამი აიღო და იმიტომ და მესამე – იდიოტია. 30-ზე მეტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია ასე გაყიდული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, იყო წლები სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც ერთი გამამართლებელი განაჩენი იყო 20 000 სისხლის სამართლის საქმიდან.
„საბჭოთა „ტროიკაში“ უფრო მეტი შანსი იყო, რომ გამართლებულიყავი, ვიდრე სააკაშვილის სასამართლოში. წელიწადში 700-800 საქმე მიდიოდა სტრასბურგში, ხოლო შარშან 60 საქმე წავიდა, არ არის განსხვავება? 95 საქმეზე არის გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ სააკაშვილის პერიოდში აწამა ადამიანები ციხეებში. არცერთი საქმე არ არის წასული სტრასბურგში ღირსების შემლახავი მოპყრობით და წამების მუხლით. ერთადერთი საქმეა, რომელიც სააკაშვილმა გაგზავნა და 2 თვეში გადმოაგდეს უკან და უთხრეს, რომ არაფერი დარღვევა აქ არ არისო. აი, ეს არის განსხვავება თქვენს სასამართლოსა და ჩვენს სასამართლოს შორის. როცა ევროპაზე ვლაპარაკობთ, სწორედ სამართლიანი სასამართლოა სწორედ ყველაზე მთავარი“, – მიმართა სოზარ სუბარმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.