ქალბატონი ეკა სეფაშვილის კითხვას მინდა ვუპასუხო – როგორია სამთავრობო გუნდის და თქვენი მოლოდინი ეკონომიკის ზრდის ამ დინამიკის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამის თაობაზე მე უკვე გიპასუხეთ, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ჩვენ რეგიონში ვინარჩუნებთ უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას, მით უმეტეს იმ სტაბილურობის და მშვიდობის ფონზე, რაც შეუძლებელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ 5 თვეში, პროგნოზის თანახმად, იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან დამაიმედებელია.
პრემიერის განცხადებით, ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპებით და ზოგადად ყველა მიმართულებით არის ზრდა.
„ძალიან ბევრი წნეხი და უბედურება, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, რომ იტყვიან, ის იდეალური ოქროს შუალედი ვიპოვეთ და მოვახერხეთ ის, რომ ერთის მხრივ გავხსენით ეკონომიკა შარშან და ყოველწლიურად, ყოველ თვე გვაქვს ჩვენ ზრდა, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, წინასწარი პროგნოზებით, რომელიც ფინანსთა სამინისტროს აქვს შეფასებული და შესაბამისად, პირველ 5 თვეში ჩვენი პროგნოზით იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს ძალიან დამაიმედებელია. ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ფანტასტიკურად, ძალიან სწრაფი ტემპებით, ფრენების რაოდენობაც, თითქმის სრულად არის აღდგენილი ფრენები, კვირაში 300-400 რეისზე ავდივართ უკვე და ყველა მიმართულებით, იქნება ეს ექსპორტი, თუ ტურიზმი, არის ზრდა. ამას სჭირდება შენარჩუნება, ეს არ უნდათ ამ ადამიანებს. ის რომ სიღარიბე შემცირდა, ახლა ბოლო პერიოდის შეფასებაა ეს, უმუშევრობა შემცირდა, მცირედით, მაგრამ შემცირებულია, მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. ასევე მინდა, ერთ-ერთ კითხვას ვუპასუხო, რომ დავიწყეთ ასევე საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა – 35 000 აპლიკაცია უკვე შემოსულია, ამის ნახევარი უკვე დასაქმებულია, ანუ სულ რაღაც 2 თვეში თითქმის 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით, საზოგადოებრივ სამუშაოებში გავაჩინეთ. ასევე კერძო სექტორში არის ძალიან კარგი მოლოდინები და ამას რა თქმა უნდა სჭირდება შენარჩუნება და გაძლიერება. ეს ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგეებს არ ახარებთ. ყველაფერს აკეთებენ რომ ჩავარდეს, გაჩერდეს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას და უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა პრემიერმა.