ირაკლი ღარიბაშვილი – კეზერაშვილის საქმეები გამოძიებულიც არის, მისჯილიც აქვს მას დაუსწრებლად და დადასტურებულია ზიანი, რომელიც მან თავდაცვის სამინისტროს მიაყენა
ბატონო ალეკო, თქვენს ასევე მკითხეთ კეზერაშვილზე და მადლობა თქვენი შეფასებისთვის. მე ამას ვაფასებ. როგორც ვიცი, კეზერაშვილის საქმეები გამოძიებულიც არის, მისჯილიც აქვს მას დაუსწრებლად და დადასტურებულია ზიანი, რომელიც მან თავდაცვის სამინისტროს მიაყენა, ვგულისხმობ ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა მოსამართლეებზე და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობისა და პარლამენტის როლია ის, რომ უზრუნველყონ ინსტიტუციების ეფექტური მუშაობა.
„ჩვენ გვისაყვედურეს, რომ საქართველოს შეეჩერებინა დანიშვნები უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ა.შ. მე ყოველთვის ვეუბნები ყველას და მინდა გავიმეორო, თქვენ მოგმართოთ კითხვით, 320 მოსამართლიდან, როდესაც 300 მოსამართლე ირჩევს ადამიანებს, მოსამართლეებს, ჩვენ, მთავრობას რა როლი გვაქვს საერთოდ, მართლა მაინტერესებს. ამ მოსამართლეების გვარებიც არ ვიცი და 300 მოსამართლე, რომლებიც მუშაობდნენ შევარდნაძის დროს, დაინიშნენ სააკაშვილის დროს, შემდეგ სხვებიც შეემატნენ, რა როლი აქვს მთავრობას და პარლამენტს, გარდა იმისა, რომ უზრუნველყონ ინსტიტუციების ეფექტური მუშაობა და არ შეაფერხონ ხელოვნურად, არ დავარღვიოთ კანონი და კონსტიტუცია, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომელიც კონსტიტუციის დონეზეა გარანტირებული. რა როლი გაქვთ და რას ითხოვთ ჩვენგან.
დღეს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სამართალს პოულობს საქართველოში. ვინც ვერ პოულობს და გარკვეული განცდა აქვს უსამართლობის, მათ შეუძლიათ საჯაროდაც, მედიის გამოყენებით, ნებისმიერი სხვა საშუალებით, მიმართოს სტრასბურგს და ა.შ. ეს რაოდენობა არის შემცირებული რადიკალურად, 10-ჯერ და უფრო მეტად, 30-ჯერ. ეს რეალობაა, ეს არის თავისუფალი სასამართლო. ე.წ 4 ტალღის რეფორმა, რომელიც განხორციელდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან“, – განაცხადა პრემიერმა.