სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ ვიდეომიმართვებს ავრცელებს.

„ავსტრიამ იცის, რისი გაკეთება შეუძლია საერთო ევროპულ ღირებულებებს და როგორ შეუძლია შეცვალოს ქვეყანა. უახლოეს დღეებში ავსტრიის მხარდაჭერის იმედი მაქვს საქართველოს მიმართ ამ ძალიან გადამწყვეტ მომენტში, რათა შევუერთდეთ ევროპულ ოჯახს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.

„ძვირფასო ნიკოს, მახსოვს ჩემი ვიზიტი კვიპროსში, როგორ ვაფასებდით ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას. ჩვენ გვაქვს საერთო წარსული და ვაფასებთ ევროპულ ოჯახს. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს საქართველოს ოჯახთან დაბრუნების საკითხში“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიერ კვიპროსის პრეზიდენტისადმი გავრცელებულ მიმართვაში.

„საქართველოსთვის საბერძნეთი წარმოადგენს ევროპას, მის ისტორიას, მის ცივილიზაციას. ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია ბევრი მეგობრის იმედი გვქონდეს საბერძნეთში. მეგობრების, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ საქართველოში და დაბრუნდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად ვიცით, რომ შეგვიძლია გვქონდეს იმედი საბერძნეთის, რომელიც მხარს დაუჭერს ჩვენს ევროპულ გზას“, – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

„ჩვენ ვაფასებთ მხარდაჭერას, რომელიც ესტონეთმა მოუტანა საქართველოს ათწლეულების განმავლობაში ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ესტონეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და მხარდამჭერი და სწორედ ამ მხარდაჭერის იმედი გვაქვს დღეს“, – ასე მიმართავს სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს.

„ერთი რამ, რაც რუმინეთსა და საქართველოს აერთიანებს, არის შავი ზღვა. ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ შავი ზღვა ევროპასთან გვაერთიანებს. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ ეს შავი ზღვა ძალიან ევროპულ ზღვად აქციოთ და საქართველო დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს“, – მიმართავს ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტს და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ლატვია არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს გვერდში დაუდგა. ჩვენ ერთად გავიარეთ საბჭოთა ოკუპაცია და შემდეგ იგივე გზა გავიარეთ ევროპისკენ. თქვენ ახლა ევროპული ქვეყანა ხართ და ევროპის შიგნით შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ საქართველოს, ჩვენს ევროპულ მომავალს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ვიდეომიმართვაში.

„მალტას, როგორც ძალიან ძველ და პატარა ქვეყანას, ბევრზე უკეთ ესმის, როგორია საქართველოს ბედი, სად მდებარეობს და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში.

„უნგრეთსა და საქართველოს ქალები ხელმძღვანელობენ და ვიცით, რომ ქალებს შორის ერთგვარი სოლიდარობაა. ვიცი, რომ შემიძლია თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, როცა უახლოეს დღეებში გადაწყდება საქართველოს ევროპული მომავალი“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

„ბულგარეთი არის ევროპული ერი, რომელმაც გაიარა საბჭოთა ოკუპაციის წლები და იცის თავისუფლების მნიშვნელობა, იცის ევროპული ღირებულებების სიძლიერე. საქართველოს სურს შემოგიერთდეთ ევროპულ ოჯახში. და ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„ჩეხეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა ოკუპაცია გაიარა და ევროპულ ოჯახს გამოეყო. მას კარგად ესმის, რას ნიშნავს საქართველოსთვის კვლავ გამოჰყოფოდა ევროპულ ოჯახს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

„საქართველოს მსგავსად, თქვენც ცოტა ხანი ელოდით ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამ გზაზე ვართ. ჩვენი მოქალაქეები ამ გზაზე დგანან. და ეს არის ის პერსპექტივა, რომელიც საქართველოს სურს თავისი ხალხისთვის და მომავალი თაობებისთვის“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ სლოვენიის პრეზიდენტისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელ ქვეყანას და როგორც საქართველოს მეგობარს, მოგმართავთ, იყოთ მათ შორის, ვინც მხარს დაუჭერს საქართველოს, როდესაც იქნება მისი ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, – ასე მიმართავს სალომე ზურაბიშვილი ლუქსენბურგის პრემიერ-მინისტრს.

„თუ რომელიმე ქვეყანამ, ფინეთმა იცის, რას ნიშნავს გამძლეობა, რას ნიშნავს წინააღმდეგობა საბჭოთა აგრესიის და ოკუპაციის წინაშე. ამიტომ ბევრი სიტყვა არ გვჭირდება, ვიცით, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ფინეთის მხარდაჭერის იმედი შეგვიძლია“, – აცხადებს ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.

„პორტუგალია და საქართველო ევროპის ორ ბოლოშია, ორი პატარა, მაგრამ ძველი ცივილიზაცია. ჩვენთვის ევროპაში დაბრუნება იქნება ის, რაც ქართველ ხალხს საუკუნეების მანძილზე სურდა, ერთადერთი პერსპექტივა, რომლისთვისაც ღირს ბრძოლა“, – ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიელ კოლეგას.

„სლოვაკეთმა იცის, რას ნიშნავს იყო კედლის მეორე მხარეს და ესმის, რას ნიშნავს სწრაფვა გახდე ისევ ევროპული ოჯახის ნაწილი. ეს არის გზა, რომლის გავლა სურს საქართველოს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

„ესპანეთი და საქართველო ძველი ცივილიზაციებია, რომლებიც იზიარებენ ყველა ამ ფასეულობას, რაც დღევანდელ ევროპას ქმნის. ესპანეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან მთელი საქართველოს მოსახლეობა ელოდება ამ გზის დაჩქარებას“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომლითაც პრეზიდენტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები