“დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენს გუნდს მხარს დაუჭერს“
თბილისის მერი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ საკრებულოს დეპუტატები მის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს დაუჭერენ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, მან კანდიდატები პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შეარჩია.
“გუნდის შემადგენლობასთან და იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რითაც ჩვენ საკრებულოს წინაშე წარვდეგით, რაიმე სახის არსებით პრობლემას ვერ ვხედავ, დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენს გუნდს მხარს დაუჭერს“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის ახლად არჩეულმა საკრებულომ დღეს თბილისის მთავრობა უნდა დაამტკიცოს.
თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, თბილისის მერის მოადგილეებად კი დასახელებულნი არიან: ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე.