კობახიძე – მარგველაშვილის წერილზე: იქ წერია – ჩვენი მახინჯი გოგო იქნებ მოიყვანოთ ცოლადო, მახინჯი გოგო არ ვართ, შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ
როცა გინდა, შენი შვილი გაათხოვო, არავის ეუბნები, ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო – ზუსტად ეს წერია მარგველაშვილის წერილში, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში 2016 წლამდე მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ევროკავშირში გაგზავნილ წერილი.
მისი თქმით, აღნიშნული წერილი ავტორების სიყალბეზე მეტყველებს.
„ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს მათ სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე, რომ მათი ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი არის ყალბი. როცა გინდა, შენი შვილი გაათხოვო, არავის არ ეუბნები, ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო. ეს წერია მარგველაშვილის წერილში ზუსტად – ჩვენი მახინჯი გოგო იქნებ მოიყვანოთ ცოლადო. მახინჯი გოგო არ ვართ, შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში 2016 წლამდე მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირს წერილით მიმართავენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. შესაბამისი წერილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დღეს გადასცა.