ვალერი გელაშვილი მისი ცემის ფაქტზე სააკაშვილი-მერაბიშვილის პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება
ვალერი გელაშვილი მისი ცემის ფაქტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, საქმის გამოძიებას 10 წელი ელოდა, ამიტომ დღევანდელ პროკურატურას მადლობას უხდის. გელაშვილის განცხადებით, მას პრეტენზია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა და მისთვის მთავარი ექსპრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემა იყო.
„პროკურატურის საქმიანობის მადლობელი ვარ. ამ საქმის გახსნას მეათე წელია ველოდებოდი და მინდა პროკურატურას ამ საქმის გახსნისთვის მადლობა გადაუხადო. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, ჯერჯერობით არ ველოდებოდი. ბოლოს დაახლოებით თვენახევრის წინ დავიკითხე. კითხვები მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმის გარეშემო დამისვეს. წინასწარ არ შემიძლია თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემთვის მთავარი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს. მე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მაქვს პრეტენზიები, რადგან მან გასცა ბრძანება, ის იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ამიტომ ყველა დათანხმდებოდა“, – განაცხადა გელაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ სატელეფონო საუბრისას.
ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, ყოფილი დეპუტატის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მხილებულ იქნენ დანაშაულის ორგანიზატორები: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.