ირაკლი ქადაგიშვილი – 20 ივნისის აქციაზე: ამ აქციის უკან პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს ის პოლიტიკური გეგმა და სურვილი აქვს, რაც უფრო მეტად შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება

„ველოდი, რომ ეს არ იქნებოდა ტრადიციული ოპოზიციური პარტიის მიერ მოწყობილი აქციისთვის დამახასიათებელი ხალხის რაოდენობა და ბევრი იქნებოდა, მაგრამ იმ ბევრზე უფრო ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე მე ვპროგნოზირებდი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული აქციის უკან პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს აქვს ის პოლიტიკური გეგმა და სურვილი, რაც უფრო მეტად შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება.

„ველოდი, რომ ეს არ იქნებოდა ტრადიციული ოპოზიციური პარტიის მიერ მოწყობილი აქციისთვის დამახასიათებელი ხალხის რაოდენობა და ბევრი იქნებოდა, მაგრამ იმ ბევრზე უფრო ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე მე ვპროგნოზირებდი. ჩემი აზრით, ევროკავშირის თემა ზოგადად საზოგადოებისთვის არის სენსიტიური და ხალხს ჰქონდა და აქვს იმის რწმენა, რომ მათი ნების კიდევ ერთხელ გამოხატვა – ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ამ აქციის უკან პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს აქვს ის პოლიტიკური გეგმა და სურვილი, რაც უფრო მეტად შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება, ვიდრე იმ საერთო დღის წესრიგს.

აქციაზე იყო ერთიც და იყო მეორეც – იყო ხელისუფლებაზე გაბრაზებაც, რა თქმა უნდა, მაგრამ იყო ზოგადად სურვილის დემონსტრირებაც, რადგან იქ არ იყო ერთი რომელიმე პარტიის ან, პარტიათა ჯგუფის ამომრჩეველი – იქ იყო ძალიან დიდი რაოდენობა ნეიტრალური.

მე ამ აქციით დავინახავდი ორ რამეს – ერთ გზავნილს ხელისუფლების მიმართ და მეორეს, ზოგად გზავნილს რაც იყო ამ აქციის ოფიციალური სლოგანი „ევროპისაკენ“. ხალხი ხელისუფლებისგან ითხოვს მკაფიო დღის წესრიგს აი, ამ 6 თვის განმავლობაში.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს აქცია რევოლუციის წინაპირობაა, ძალიან ცდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს აქცია არის ხალხის ნების დემონსტრირება ევროკავშირისკენ სავალ გზაზე, ეს სწორია და ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ ამ აქციით უნდა დაინახოს უფრო მეტი შესაძლებლობა მისი პოლიტიკური აქტიურობის გაზრდის, ეს არის სწორი ხედვა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია – „შინ ევროპისკენ“ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები