მამუკა მდინარაძე: მთელი იმ ხნის განმავლობაში “სირცხვილიას” ჩვენთვის ცნობილი ლიდერები ვერ გამოჩნდნენ, გამოჩნდნენ მხოლოდ ბოლოსკენ და შეიძლება, ამანაც განაპირობა, რომ რიყეზე მესამედიც ვერ ჩაიყვანეს ხალხის იმ დიდი რაოდენობიდან
“უმრავლესობა ამ ხალხისა არა პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, არამედ ევროპული იდეის მხარდაჭერისათვის იყო იქ მისული. ყველას მომხრე ,,ქართული ოცნების”, ,,ნაცმოძრაობის’’, სხვა პოლიტიკური პარტიების, თუ აპოლიტიკური ადამიანები იყვნენ აქციაზე. მათ ვერ გაბედეს, გაეხმოვანებინათ ამ აქციის განმავლობაში მკვეთრად პოლიტიკური და ,,ნაცური,, მესიჯები. აპარებდნენ ,,დოზირებულად’’, მაგრამ მათ მაინც ვერ გაუძლეს ცდუნებას და ბოლოსკენ გაახმოვანეს მიხეილ სააკაშვილის დაწყებული მესიჯი”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ,,სირცხვილიას’’ ცნობილი ლიდერები გამოჩნდნენ ბოლოსკენ და მიხეილ სააკაშვილის მესიჯი გაახმოვანეს.
მისი ვარაუდით, შესაძლოა, ამან განაპირობა, რომ აქციიდან რიყეზე მხოლოდ მცირე რაოდენობის ხალხის ჩაყვანა შეძლეს.
,,მთელი იმ ხნის განმავლობაში ,,სირცხვილიას’’ ჩვენთვის ცნობილი ლიდერები ვერ გამოჩნდნენ. გამოჩნდნენ მხოლოდ ბოლოსკენ, როდესაც აქცია დაიშლებოდა, თუ არ დაიშლებოდა, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა და შეიძლება ამანაც განაპირობა, რომ რიყეზე მესამედიც ვერ ჩაიყვანეს ხალხის იმ დიდი რაოდენობიდან. და ბოლოს გაახმოვანებინეს მაინც ეს დაუმორჩილებლობა, რადიკალური მესიჯები. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რეალურად ,,ნაცმოძრაობის,, ინტერესებზე და ამ ქვეყნის მოწინააღმდეგეების ინტერესებზე მუშაობენ და საერთოდ არ აინტერესებდათ იქ გულწრფელი ადამიანების რეალური ხმა. მათ აინტერესებდათ ის გეგმა, რომელიც კარგა ხნის წინ ბაკურიანში დაგეგმეს და რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.