დავით ზილფიმიანი – “ჩემმა ზოგიერთმა კოლეგამ ევროპის საპარლამენტო წრეებში რა გააკეთა, იმის მტკიცების გარდა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება არ შეიძლებოდა?”
პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროინტეგრაციის საკითხსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ჯერ კიდევ 80-იან წლებში, როცა ევროპის სამეცნიერო დაწესებულებებში დავიწყე მოღვაწეობა, სულ ვოცნებობდი და მქონდა წინათგრძნობა – დადგებოდა დრო როცა საქართველო ამ ოჯახში ფეხს დადგამდა. შემდეგ იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა, შემდეგ შეიქმნა გაერთიანებული ევროპა და კვლავაც გაგვეზარდა ეს შანსები და შესაძლებლობები.
მერე გახსოვთ, როგორ გამოგლიჯა ბალტიისპირეთი ელიცინის რუსეთს. მათ თავი დააღწიეს ყველაზე ადრე. აქ კიდევ უფრო დიდი გახდა ჩვენი რწმენა, იმისა, რომ ევროპის ნაწილი გავხდებოდით. შემდეგ გავხდით ასოცირებული წევრები, ეს სწორედ ის არის რაც პერსპექტივას გვაძლევს ევროპაში გასაწევრიანებლად. დღეს როდესაც მილოცავთ, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, მაინტერესებს რას მილოცავთ? ჩვენი აზრით კარგად უნდა გავაანალიზოთ რა შეგვემთხვა. იმის მაგივრად 2 აგური გვეჭიროს ხელში, რაღაცას ვმხიარულობთ, თითქოს მასწავლებლებმა ჩაგვტოვეს კლასში. ძალიან გვეტკინა გული, ისტორიას ქმნიან ადამიანები და არა პარტიები და დიდი სისტემები.
ჩვენს თავს ვკითხოთ, რა გავაკეთეთ. ზოგიერთ ჩემს კოლეგას თავი რომის პაპზე დიდი კათოლიკე ჰგონია, რა გააკეთა, ევროპის საპარლამენტო წრეებში იმის მტკიცების გარდა რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება არ შეიძლებოდა? არსებობს ამის ფაქტებიც და ახლა ჩვენ გვმოძღვრავთ. ხელისუფლებამაც ალბათ ის არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა.
პრეზიდენტი ხომ კარგად ხედავს რისი გაკეთებაა საჭირო. აი მაგალითად ნიკა გვარამიას საკითხი ავიღოთ, მე ერთი დეპუტატი დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას ვუწევ განთავისუფლებაზე. არ სჭირდება ამას ჩვენი სასამართლო სისტემის ავკარგიანობაზე საუბარი. უბრალოდ შეგიძლია შეიწყალო და მორჩა. დამატებით გვინდა ამის გამართლება რამით? დიახ, ბევრ ოპოზიციონერზე უფრო გონიერი და ინტელექტუალია. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გრძნობ რომ შველა შეიძლება. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს 24-ში შეიძლება ის ბედნიერება გვეწვიოს და ოპტიმისტური ცვლილება მოხდეს”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.