არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს, მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალურ ეროვნულ საბჭოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა და ჯგუფის წევრებმა, კოლეგებთან ონლაინ ფორმატში, დისტანციური შეხვედრა გამართეს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული თემები და ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა ქართველმა კანონმდებლებმა შეაფასეს.
„მხარეები შევთანხმდით, რომ გავაძლიერებთ საპარლამენტო კონტაქტებს, ასევე, ვიმუშავებთ ორი ქვეყნის, საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე”, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალურ ეროვნულ საბჭოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრის შეჯამებისას.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავების და განვითარების შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრა.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნულ საბჭოში საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ და სხვადასხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განვიხილეთ. ასევე ამ ურთიერთობების გაღრმავების და განვითარების შემდგომ პერსპექტივებზე ვიმსჯელეთ. ემირატები საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორია და შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობები,” – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მარიამ ლაშხის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის და დიპლომატიის მიმართულებებზე და ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების მნიშვნელობას.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები, სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, საქართველოს პარტნიორების ექვსეულში შედის, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეკონომიკური დიპლომატია. შეხვედრაზე საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებები და ორმხრივი ურთიერთობებიც მიმოვიხილეთ”, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.