კახა კალაძე – სამგორის გამგებლის განცხადებაზე: თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა, იმას დაწერს
თბილისის მერი, კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.
“მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა, იმას დაწერს. შეიძლება, ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული უმაღლეს დონეზე. შეურაცხყოფაზე რომ გადმოდიხართ თქვენი სტატუსებით, არ მომწონს, როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თავიანთ სოციალურ ქსელში, თავიანთ მედიაში პირად შეურაცხყოფასა და ბილწსიტყვაობაზე გადმოდიან, არ მომწონს და მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენ, ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სამგორის რაიონის გამგებელმა გუშინ გამართული აქციის მონაწილეებს, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, სოციალურ ქსელში მიმართა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.