ლევან მგალობლიშვილი: საქართველოს შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოებრივი განვითარების მხოლოდ ერთი და ერთადერთი ევროპული პერსპექტივა
„კვირის მიწურულს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან კიდევ ერთ ნათელ გზავნილს ველოდებით. პირველი შეფასება, ჩვენ ვიხილეთ ევროკომისიის სარეკომენდაციო დასკვნაში, რომელმაც ცალსახად დააფიქსირა, რომ საქართველოს შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოებრივი განვითარების მხოლოდ ერთი და ერთადერთი ევროპული პერსპექტივა. ამით აზრი ეკარგება მოქმედი ხელისუფლების მუდმივ დადანაშაულებას იმაში, რომ ქვეყანა ვითარდება არა პროდასავლური ვექტორით და რომ ქართულ ოცნებას სახელმწიფო კურსი თითქოს არასწორი მიმართულებით მიჰყავს”, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლარიზაციის შემცირებისკენ ქართულმა ოცნებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა და ახლა ამ პროცესში მნიშვნელოვანია თავისი წვლილი ოპოზიციამაც შეიტანოს.
„ევროკომისიის ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს მიეცა, ეხება პოლარიზაციის დასრულებას. ეს პროცესი ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფ ძალებთან კოჰაბიტაციის, ანუ თანაცხოვრების პერიოდი გამოაცხადა. მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, არ იქნა შეზღუდული და მითუმეტეს, საკანონმდებლო დონეზე აკრძალული, არც ერთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობა ან მათი სრულფასოვანი დაფინანსება, როგორც ეს თუნდაც ჩვენს მეგობარ უკრაინაში განხორციელდა.
იმავე უკრაინასთან შედარებით, საქართველოში არ აიკრძალა არც ერთი ცენტრალური თუ რეგიონალური ტელე-მედია სივრცის მაუწყებლობა. არ მოხდა ამ კომპანიების ქონების დაყადაღება. მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ბოლო წლების ყველაზე თვალსაჩინო და პრაქტიკული ხასიათის გადადგმული ნაბიჯები სწორედ მოქმედ ხელისუფლებასთან არის ასოცირებული, ოპოზიციური სპექტრის მიხრიდან, მცირე გამონაკლისის გარდა, ამის ღია და ფაქტობრივ დონეზე აღიარების არცერთი მაგალითი ჩვენ არ გვახსოვს. დეპოლარიზაციის მოედანზე ბურთი დიდი ხანია ოპოზიციის ნახევარზეა და თუ მათი სურვილი საქართველო იხილონ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გულწრფელია და სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ამ პროცესში, პირველ რიგში თავად უნდა შეუწყონ ხელი საკონსტიტუციო კალაპოტში ხელისუფლებასთან ერთად ევროპული ღირებულებებისა და პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა. დეპუტატმა გამოსვლისას აფხაზ და ოს ხალხსაც მიმართა.
„როგორც სოხუმელმა კაცმა, მინდა მივმართო ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა ეს არის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა და იმედია, ჩვენ შორის პოლარიზაციასაც აუცილებლად შეამცირებს”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.