მარიამ ლაშხი – „ევროკავშირმა ფართოდ გააღო კარები საქართველოსთვის – ამას ევროპული პერსპექტივა ჰქვია”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მარიამ ლაშხის განცხადებით, საზოგადოება ერთიანი და მტკიცეა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან დაკავშირებით და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, საზოგადოების ჩართულობა, მნიშვნელოვანია.

„ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპი არის დემოკრატია! დემოკრატიის მთავარი პრინციპი კი არის ხალხის ნების გამოხატულება – სწორედ ხალხის ნების გამოხატულებით და ლეგიტიმაციით არის „ქართული ოცნება” დღეს ხელისუფლებაში, მოსწონს ეს რადიკალურ ძალებს თუ არა. ვინც მისცა ხმა, არ მისცა ან სულაც არ მივიდა არჩევნებზე თითოეული თქვენგანის ხმის გამჟღერებლები კონკრეტულ ვადამდე, 2024 წლამდე, არის „ქართული ოცნება”, რომელიც დაუღალავად აგრძელებს ამ გზაზე სიარულს და მიიყვანს ხალხის მიზანს ბოლომდე.

სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიციური ძალა ამ ძირეულ ევროპულ პრინციპს უგულებელყოფს და რეალური გულწრფელი ხალხის გამოყენებას ახდენს ვიწროპარტიულად, რაც რეკომენდაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს დეპოლარიზაციის ნაცვლად პოლარიზაციას უწყობს ხელს. ყოველთვის და ახლა როგორც არასდროს გვმართებს ევროპული რაციონალურობა! საზოგადოება ერთიანი და მტკიცეა ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე. ეს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ბოლომდე მიყვანის პროცესში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა იმ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით გასცა.

ევროკავშირმა ფართოდ გააღო კარები საქართველოსთვის – ამას ევროპული პერსპექტივა ჰქვია, რომელიც სამივე ქვეყანას მიენიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატის სტატუსი არის ევროკავშირში პრაქტიკული გაწევრიანების გზის პირველი ფორმალური ეტაპი ანუ, ეტაპი, რომლითაც იწყება ევროკავშირში პრაქტიკული გაწევრიანება. ამას მოსდევს შემდგომ მეორე ეტაპი, რაც ოფიციალურ კანდიდატის სტატუსს გულისხმობს”, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

მისივე შეფასებით, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ საქართველომ ამ რეკომენდაციით ევროპული პერსპექტივა დაკარგა. დეპუტატის განცხადებით საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებას უზარმაზარი ნაბიჯი უწოდა თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმაც პრესკონფერენციაზე. „ევროკომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით მთავრობის დაპირება წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისადმი ქვეყნის ერთგულების დასტურს. გვმართებს უდიდესი გონიერება და სწორად გადადგმული ნაბიჯები, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ერთად, პოლარიზაციისა და დაპირისპირების გარეშე, ურთიერთთანამშრომლობით მივიყვანოთ ბოლომდე ის საერთო საქმე, რომელიც მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელია და რომელსაც ევროპული საქართველო ჰქვია”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები