სოზარ სუბარი: თუ მართლა გვინდა, გავერთიანდეთ ევროპაში, უნდა ვისწავლოთ კანონის, მიხედვით ცხოვრება, ვისწავლოთ თანამშრომლობა პოლიტიკურ ძალებს შორის და დაველოდოთ 2024 წლის არჩევნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ოპოზიციონერი კოლეგების გამოსვლების პათოსს გამოეხმაურა.

„ოპოზიციონერი კოლეგებისგან დღეს აქ მოვისმინეთ, რომ თანამშრომლობა უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის და იქვე გადადიან ზიზღის ენაზე, ბრალდებებზე, ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებასა და პიროვნულ შეურაცხყოფებზე. ალბათ, არ ახსოვთ, ვინ ებრძოდა სიტყვა „სამშობლოს”! მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყვნენ ისინი, როცა ხელისუფლების სათავეში იყვნენ, ვინც ამბობდნენ, რომ სიტყვა „სამშობლოს” ხსენებაც კი არის ჩამორჩენილობა, შუასაუკუნეობრივი აზროვნება და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, უნდა ვილაპარაკოთ სახელმწიფო სტრუქტურებზე და არა – სამშობლოზე. სწორედ ეს განგვასხვავებს მათგან, რომ სწორედ სამშობლო არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი რაც გვაქვს და არ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ორი და სამი სამშობლო და მეშვიდე სამშობლო, რასაც ამ დარბაზში ჩვენი კოლეგები ხშირად აკეთებენ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე საქართველოს კონსტიტუციის კონსტიტუციის 11-ე თავი შეახსენა კოლეგებს, რომელშიც ერთი მუხლი და გარდამავალი დებულებები შედის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ეწოდება, „ამ მუხლში მოკლედ და ძალიან ლაკონურად წერია რომ დავალებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უერთგულოს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. ეს არის მუხლი, რომელსაც ხმა მისცა ერთადერთმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ” და ეს არის მუხლი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა და ხმა არ მისცა მაშინდელმა ქართულმა ოპოზიციამ და არც ახლა არ აღიარებს არც ამ მუხლს, არც ამ კონსტიტუციას, არც მის ავტორს. და ამ მუხლს ებრძვიან სწორედ ისინი.

როდესაც ლაპარაკია ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე რომელსაც ჩვენ ველოდებით სამ დღეში, ამას წინ უსწრებდა ევროკომისიის ერთგვარი პუნქტები, რომელთა შესრულებაც არის რეკომენდაცია იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი და პირველი არის სწორედ პოლარიზაციის შემცირება. ამასთან დაკავშირებით გუშინდელ მიტინგზე გამომსვლელებიც და მანამდე რა განცხადებებიც გაკეთდა, არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისი, რასაც ეს პირველი პუნქტი მოითხოვს. ეს პირველიო პუნქტია ერთადერთი, რაშიც ოპოზიციის მონაწილეობა არის სავალდებულო, დანარჩენი ყველაფრის შესრულება შეუძლია ხელისუფლებას, სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველი იქნება ვითანამშრომლოთ რამდენიმე პუნქტის შესრულებაში” განაცხადა დეპუტატმა და გუშინდელ შეკრებაზე გამომსვლელთა ციტატები წაიკითხა, რომლებიც გულისხმობს რომ ხელისუფლება უნდა წალეკონ და მასობრივი დაუმორჩილებლობა უნდა დაიწყოს.

„თუ გვინდა მართლა გავერთიანდეთ ევროპაში, უნდა ვისწავლოთ კანონის, კონსტიტუციის მიხედვით ცხოვრება. ვისწავლოთ თანამშრომლობა პოლიტიკურ ძალებს შორის და დაველოდოთ არჩევნებს რომელიც 2024 წელს იქნება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები