ირაკლი კობახიძე: გუშინ დიდ ხანს ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, რათა ხალხი არ დაშლილიყო, თუმცა, ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა

გუშინ დიდ ხანს ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს იმისათვის, რომ ხალხი არ დაშლილიყო, თუმცა ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას, ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც ევროპა უნდა.

“გუშინ ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა და როგორც მოგეხსენებათ, ევროპა უნდა ბევრად მეტს, თუნდაც ვიდრე გუშინ იყო გამოსული. გუშინ ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, თუმცა, არის სამი მილიონი ადამიანი და მეტი საქართველოში დამატებით, რომელიც მხარს უჭერს ევროპას და ეს არის საქართველოს 85%. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ეს მიზანი ევროინტეგრაცია, პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ გვიტრიალებენ გასული კვირების განმავლობაში იმ მუხლს, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ ჩვენი ხელით კონსტიტუციაში და რომელსაც ხმა არ მისცეს ამ ადამიანებმა, ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ცინიზმი აქედან ჩანს და ვინ არის ევროპის მომხრე და ვინ არა, აქედან ჩანს რეალურად. გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს იმისათვის, რომ ხალხი არ დაშლილიყო, თუმცა ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას, ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს, ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული. საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები