თინა ხიდაშელი: ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, პირიქით, სწრაფად მოქმედებაა საჭირო, რომ გაჩნდეს პოლიტიკური მზადყოფნა ახალი პროევროპული მოძრაობის დასაწყებად

“თეორიულად მაინც ბჟუტავს იმედი, თუ 24-ში პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიდგება საქმე, ევროკავშირი უფრო გონიერი აღმოჩნდება, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება”,  – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ევროკავშირის წევრობაზე სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, ახლა ნიჰილიზმისა და ყურების ჩამოყრის დრო კი არ არის, პირიქით, სწრაფად მოქმედებაა საჭირო, რომ გაჩნდეს პოლიტიკური მზადყოფნა ახალი პროევროპული მოძრაობის დასაწყებად.

“ჩვენთვის კარი არავის მოუხურავს, არავის უთქვამს, რომ რამე დამთავრდა, მაგრამ გვითხრეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, “თუ” და ეს სია გრძელია, რომელიც ამ “თუს” მოჰყვება. არაფერი ყოფილა მოულოდნელი და ვფიქრობ, გასაგებია. თუმცა თეორიულად მაინც ბჟუტავს იმედი, თუ 24-ში პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიდგება საქმე, ევროკავშირი უფრო გონიერი აღმოჩნდება, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება. ცხადია, გონივრულ დონეზე ამის იმედი არა მაქვს, მაგრამ ძალიან ემოციურ დონეზე იმედი ბჟუტავს. მაკრონის ნათქვამი, რომ საქართველო არ არის ევროპა აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ნებისმიერი სპეკულაცია ამ თვალსაზრისით ღრმად არასერიოზულად მიმაჩნია, რადგან ამას რომ რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, დღეს ევროპულ პერსპექტივას არავინ მოგვცემდა. ევროპული პერსპექტივა სინამდვილეში არის ევროკავშირის წევრობის დაპირება. ევროპული პერსპექტივა არის ის, რაზეც ჩვენ ვოცნებობდით და, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, და ეს მომენტი 3 მარტს არ დამდგარიყო, ამით დღეს ყველა ძალიან გახარებული ვიქნებოდით, რადგან სწორედ ევროპული პერსპექტივის ჩანაწერისკენ ვისწრაფოდით ამდენი წელი. ამიტომ, როცა ასეთი ჩანაწერი ჩნდება, ეს ნიშნავს ამ ქვეყნის ევროკავშირის წევრობის გარდაუვალობას. ახლა დანარჩენი დროისა და ჩვენი მონდომების ამბავია. შანსი იმიტომ ვერ გამოვიყენეთ, რომ ბოლო ერთი წელი და განსაკუთრებით ბოლო სამი თვე ევროკავშირის ლიდერების ლანძღვას მოვახმარეთ და არა რეფორმების გატარებას. ისევ საზოგადოების ზეწოლის გაძლიერება იქნება საჭირო, რათა ეს მბჟუტავი შესაძლებლობა, რომელიც დატოვა ევროკავშირმა, არ ჩაქრეს და დავეწიოთ იმ მატარებელს, რომელსაც ჩამოვრჩით. ჯერ 20 ივნისს და მერე შემდეგაც გამოჩნდება, თუ ქართველი ხალხი – ის 85%, რომელიც ამბობს, ევროკავშირში მინდაო, რამდენად მზად არის, რომ იბრძოლოს პოლიტიკურად როგორც მოქალაქემ, რათა დავიბრუნოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჯერ კიდევ სამი თვის წინ გვქონდა. 16 ივნისის აქციაზე უმეტესად ის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, 20 ივნისის აქციაზე არ მივიდოდნენ. ვფიქრობ, ამ მხრივ მაინც პოზიტიური იყო, რადგან სხვადასხვა ტიპის მოქალაქეებმა ერთი და იგივე სურვილი გამოხატეს ზოგმა 16-ში, ზოგი 20-ში გამოხატავს – ვისაც როცა უნდა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარია, საქართველოს მოქალაქეებმა გაიგონ, მიხვდნენ, დაინახონ, რომ ახლა ბურთი მათ მოედანზეა, პასუხისმგებლობა მათ მხარეს არის, აიძულებენ თუ არა ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება მალე ის ძალიან მარტივი დღის წესრიგი, რომელსაც ითხოვს ევროკავშირი, შესრულდეს.

ყოველივე ეს ძალიან მარტივია და ის, რაც ევროკომისიის განცხადებაში წერია, მილიონჯერ ნაფიქრი, ნაშრომია ამ ქვეყანაში. უამრავი გამზადებული კანონპროექტი არსებობს და ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს და ახლა მოქალაქეებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე, რომ გაჩნდეს. აქციაც ერთ-ერთი საშუალებაა. ასევე არსებობს სამოქალაქო პეტიციების ფორმა, რომლითაც უფრო მარტივად შეიძლება უამრავი მოქალაქის ნების გამოხატვა და დანახვება ხელისუფლებისთვის. მე არა ვარ აქტიურ პოლიტიკაში და არ ვგეგმავ ასეთი ტიპის ღონისძიებებს, მაგრამ საქართველოში დიდი გამოცდილება არსებობს მსგავსი ტიპის პოლიტიკური ბრძოლის და იმედია, შესაძლებელი გახდება, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, გაიგოს, მოისმინოს საზოგადოების უმრავლესობის აზრი. 20 ივნისი ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყველამ ერთმანეთი დავინახოთ და დავრწმუნდეთ, გვაქვს თუ არა ენერგია საიმისოდ, რომ კიდევ ერთხელ ვიბრძოლოთ ქვეყნის გადასარჩენად. ყველა კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს – ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. საქართველოში არ არის ბევრი ოლიგარქი, სულ ერთ კაცზე ვლაპარაკობთ. ამიტომ ძალიან მარტივად არის ამ მხრივ ჩვენთვის საქმე… საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენის საფრთხე, თქმა უნდა, ნამდვილად არსებობს და ზუსტად ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყურები არ ჩამოვყაროთ. პირიქით, მობილიზება გვჭირდება. ლიეტუვის ელჩმა გვითხრა, თავის დროზე ჩვენ უარი გვითხრეს, მაგრამ დღეს ევროკავშირის წევრი ვართო. საბედნიეროდ, ჩვენთვის უარი არ უთქვამთ, ამიტომ ახლა ნიჰილიზმისა და ყურების ჩამოყრის დრო კი არ არის, პირიქით, სწრაფად მოქმედებაა საჭირო, რომ გაჩნდეს პოლიტიკური მზადყოფნა ახალი პროევროპული მოძრაობის დასაწყებად.

არა მგონია, ამწუთას ჩვენმა რაიმე ნაბიჯმა რადიკალურად შეცვალოს ვითარება. უბრალოდ, თუკი პოლიტიკური მზაობა არსებობს, რომ არ დაგვტოვონ მიღმა, რა თქმა უნდა, საქართველოს გადადგმული ნაბიჯები ამ პროცესს დაეხმარება. ევროკავშირის ამ პოლიტიკური მზაობის შესახებ უნდა იცოდეს საქართველოს ხელისუფლებამ, თუმცა, მგონი, მათაც არ იციან. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ლოკოკინების ქარხნის გახსნით არის დაკავებული, იმის ნაცვლად, ევროპული დედაქალაქებიდან ვერ ჩამოგვყავდეს. ამ დოკუმენტში პირველ პუნქტად ჩაიწერა პოლარიზაციის დასრულება და მგონი, შესაძლებელია ვაჩვენოთ განსხვავება გუშინდელ დღესა და ხვალინდელს შორის. იქნებ ეს გახდეს სტიმულატორი, ცხადია, თუკი საამისო პოლიტიკური ნება არსებობს”,- განაცხადა ხიდაშელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე: “მუდმივად იმაზეა ლაპარაკი, რომ მმართველ პარტიასა და “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობთ პოლარიზაცია. ამ პრობლემის ასეთ ვითარებაში მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ?” – რესპონდენტი პასუხობს:

“მათ არავინ სთხოვს, ერთმანეთი შეიყვარეთო. ძალიან მარტივი რამის გაკეთება შეიძლება – გამოქვეყნდეს ერთობლივი სამოქმედო გეგმა, სადაც კონკრეტულ დროში იქნება გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს. პუნქტებად გაწერილი კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმება შედგეს ყველა იმ საკითხზე პასუხით, რომლებიც დღევანდელ დოკუმენტშია თავისი თაიმლაინით. ეს უნდა იყოს ხელისუფლებისა და ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი დოკუმენტი. ჩემი აზრით, ეს იქნება იდეალური ვარიანტი იმისთვის, ამწუთას რა შეიძლება გავაკეთოთ. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ამის მოლოდინი არა მაქვს, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები