გეგუთის ციხის პატიმრების პრობლემებს სპეციალური ჯგუფი სწავლობს

  გეგუთის ციხის პატიმრების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხს სპეციალური ჯგუფი სწავლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა. მისივე თქმით, ჯგუფი 100-მდე პატიმარს უკვე შეხვდა.
“გუშინ, პირადად ჩემი თხოვნით, კომიტეტის სამი წევრი – გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი და პაატა კიკნაველიძე  გეგუთის კოლონიაში იმყოფებოდნენ და პატიმრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. ისინი შეხვდნენ დაახლოებით 100-მდე პატიმარს, მათ შორის – მოშიმშილეებს და მოისმინეს მათი წუხილი. ძირთადი პრეტენზიები მიმართულია ადმინისტრაციის წინააღმდეგ. პატიმრები ადმინისტრაციის შეცვლის მოთხოვნას აყენებენ. ჩვენ უკვე დავიწყეთ მათი ინფორმაციების და წერილების გაანალიზება. კონკრეტულად გეგუთის კოლონიასთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფია შექმნილი და ის, ალბათ, შემდეგ კვირას, საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავს იმ კონკრეტულ ინფორმაციებს, რისი შესწავლაც ახლა მიმდინარეობს”, – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიას ინფორმაციით, პატიმრები შიმშილობას აგრძელებენ:
“ამჟამად შიმშილობა ისევ გრძელდება, ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას და არის კონკრეტული საკითხები, რომლებსაც რეაგირება და ღონისძიებების გატარება სჭირდება”.
გეგუთის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები