რა პირობების შესრულება მოუწევს უკრაინას ევროკავშირში წევრობის გზაზე – ევროკომისიის განმარტება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, განსაკუთრებით – კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციულ სფეროში, თუმცა, მისი თქმით, კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ქვეყანას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

“ბევრია გასაკეთებელი, მაგალითად, კანონის უზენაესობის სფეროში. უკრაინა უკვე შორს წავიდა სასამართლო და პროკურატურის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო ინსტიტუტების შექმნაში. ახლა აქცენტი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის დაჩქარებაზე, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესზე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე, დიპლომატის თქმით, უკრაინა “ბევრს მიაღწია ანტიკორუფციულ სფეროში საჭირო ანტიკორუფციული ორგანოების შექმნით. ახლა აქცენტი ანტიკორუფციული პროკურატურის ახალი თავმჯდომარისა და ანტიკორუფციული ბიუროს ახალი დირექტორის არჩევაზე უნდა იყოს გადატანილი. ანტიკორუფციული ორგანოები სრულად უნდა ამოქმედდეს“.

გარდა ამისა, მან აღნიშნა უკრაინის კანონმდებლობა დეოლიგარქიზაციის შესახებ.

“ფაქტობრივად, ეს არის ერთადერთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. ეს კარგია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია განხორციელებაზე, რომ შედეგები შესამჩნევი იყოს”, – თქვა მან.

ევროკომისიის დოკუმენტში ცალკე ჩამოთვლილია უკრაინისადმი მოთხოვნები:

1. შემოიღოს კანონმდებლობა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის შესახებ, მათ შორის, წინასწარი შერჩევის პროცესი მათი ღირსების და პროფესიული უნარების შეფასების საფუძველზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად;

2. დაასრულოს იუსტიციის უმაღლესი ეთიკური საბჭოს შერჩევა უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის შესაქმნელად;

3. გააძლიეროს კორუფციასთან ბრძოლა, მათ შორის, მაღალ დონეზე, აქტიური და ეფექტური გამოძიების გზით; დაასრულოს სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა კონკურსში ატესტაციის დამოწმებით და დაიწყოს და დაასრულოს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი დირექტორის შერჩევის პროცესი;

4. უზრუნველყოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის შესაბამისობა ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან;

5. ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის შეზღუდვის მიზნით, ანტიოლიგარქიული კანონის შემოღება; ეს უნდა განხორციელდეს იურიდიულად დასაბუთებული წესით, შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ ვენეციის კომისიის მომავალი მოსაზრების გათვალისწინებით;

6. დაძლიოს საკუთარი ინტერესების გავლენა მედიის შესახებ კანონის მიღებით, რომელიც ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის დირექტივასთან და გააძლიერებს დამოუკიდებელი მედიის მარეგულირებელს;

7. დაასრულოს ეროვნულ უმცირესობათა შესახებ კანონმდებლობის რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები