აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინის ომის მიღმა რომ დამდგარიყო და კიევისთვის დახმარება არ გაეწია, „ევროპაში ქაოსი დაიწყებოდა“, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კი სხვა ქვეყნებში შეჭრას გააგრძელებდა.
ამის შესახებ მან AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“მე ვარ შეერთებული შტატების პრეზიდენტი. საუბარი არ არის ჩემს პოლიტიკურ გადარჩენაზე. საუბარია იმაზე, თუ რა არის უკეთესი შეერთებული შტატებისთვის. ხუმრობის გარეშე. რა მოხდება, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა, ნატო თვალს დახუჭავს რუსეთის აგრესიაზე. იმაზე, რომ 100 000-კაციანი არმია კვეთს საზღვარს მთელი ერის კულტურის ოკუპაციისა და განადგურების მცდელობაში? რა იქნება მაშინ? ვშიშობ შემდეგი, რასაც ჩვენ დავინახავდით, იქნებოდა ქაოსი ევროპაში. ჩვენ დავინახავდით, რომ რუსული ჯარები სხვაგანაც გადავიდნენ. რა მოხდებოდა პოლონეთში, ჩეხეთსა და ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებში? რას იფიქრებდა ჩინეთი ტაივანზე, რას იფიქრებდა ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღზე?”, – თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ როდესაც გადაწყვიტა უკრაინის დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ამბობდა, რომ ამისთვის საფასურის გადახდაც მოხდებოდა.
“ეს არ იყო უფასო, მაგრამ უმოქმედობის შედეგები უარესი იქნებოდა”, – თქვა პრეზიდენტმა, შეერთებულ შტატებში ფასების ზრდაზე დასმული კითხვის საპასუხოდ და დასძინა, რომ “თქვენ მეკითხებით რას ვეტყოდი ამერიკელ ხალხს. მე ვიტყოდი, რომ მთელი ცხოვრება საგარეო პოლიტიკაში ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ პუტინს უფრო შორს წასვლის უფლებას მივცემთ, ის არ გაჩერდება”.